Accessibility links

logo-print logo-print

სასტიკი სამყარო, სადაც მხოლოდ სიყვარულია


“მომთაბარეთა მიწა” (“Nomadland”, 2020, აშშ. რეჟისორი. ქლოა ჩჟაო)

გამიგრძელდა ამ ფილმის ნახვა. არ მიწევდა გული. შეიძლება იმიტომ, რომ საეჭვოდ მიმაჩნდა სურათის გამარჯვება ვენეციის კინოფესტივალზე, რომელიც პანდემიის პირობებში სრულიად ნაჩქარევი წესით ჩატარდა (როგორც ამბობენ, საკონკურსო პროგრამა დიდი გაჭირვებით შეადგინეს, რადგან პროდიუსერებს არ სურდათ ფილმების გაგზავნა ნახევრად ჩაკეტილ ვენეციაში), შეიძლება იმიტომაც, რომ მაინცდამაინც არ მომწონს ქლოა ჩჟაოს წინა ფილმი, “მხედარი”, სწორხაზოვანი და ცოტა არ იყოს პათეტიკური სოციალური დრამა. ისიც წავიკითხე სადღაც, რომ “მომთაბარეთა მიწა” ფრენსის მაკდორმადის ბენეფისია, რომ მთელ ფილმს სწორედ ეს მსახიობი “აკეთებს”... მე კიდევ ბენეფისების დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ კინოში.

კოლეგებს ყოველთვის არ უნდა დავუჯეროთ. თქვენც გირჩევთ, ყოველთვის ნუ დაუჯერებთ კინოკრიტიკოსებს. მაგრამ ამ ფილმის ნახვას უფრო მეტად გირჩევთ.

“მომთაბარეთა მიწა” აღმოჩნდა გასული წლის შედევრი. ერთ-ერთი ყველაზე სადა ფილმი, რომელიც ოდესმე მინახავს. აი, რომ იტყვიან, სისადავესა და უბრალოებაშია სიბრძნეო, თითქოს სწორედ ამ სურათზეა ნათქვამი. სისადავეშია სიბრძნე და ამ ფილმის სისადავე მოიცავს მთელ ისტორიას, პირველ რიგში -ტრამპის ეპოქის ამერიკას, რომელსაც დღეს უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ “ამერიკა პანდემიის ეპოქაში” და, გარკვეული თვალსაზრისით, “პანდემიის შემდეგაც”.

ფილმის გმირი, ფერი, - 60 წლის დაქვრივებული, მარტოხელა ქალი (ფრენსის მაკდორმადი), - კარგავს უკანასკნელს, რაც აქამდე მშობლიურ ქალაქ ემპაიერში აჩერებდა, კარგავს სამუშაოს. ქარხანა, რომელშიც მუშაობდა, დაიხურა. ეს უკვე საბაბია იმისათვის, რომ დაჯდეს თავის საყვარელ ფურგონზე, რომელსაც “ავანგარდს” უწოდებს, და გაუყვეს ამერიკის გზებს. ეს გზები ბევრ ჩვენგანს კარგი ამერიკული ლიტერატურიდან გვახსოვს, თუმცა ფილმის მსვლელობის პროცესში ნათელი ხდება, რომ აქ მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ იცვლება სურათის გმირი, როგორ იცვლება მისი დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ (როგორც კლასიკურ ამერიკულ “როუდ-მუვიში”), არამედ მთავარია ადამიანები, რომლებსაც ხვდება ფერი თავის გზაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ფრენსის მაკდორმადი, თუ არ ვცდები, ერთადერთი პროფესიონალი მსახიობია ფილმში. მისი პერსონაჟი ურთიერთობს რეალურ მომთაბარეებთან, რომელთა უმრავლესობა საშინელ ტკივილს ატარებს თავის თავში, თანაც ისე, რომ თითქმის არ არსებობს შანსი ამ ტკივილის გაყუჩების. ასე რომ, მართალია, ფერი ამ სურათის მთავარი გმირია, ის, ამავე დროს, თავადაა კინოკამერა, რომელმაც ამაოებისგან გამიჯნული ამერიკა უნდა დაინახოს და აღბეჭდოს. შესაბამისად, მაკდორმადის ოსტატობა იმდენად თამაშში კი არ ჩანს (“თამაში”, როგორც ასეთი, ნამდვილად არაა ამ მსახიობის ყველაზე ძლირი მხარე), რამდენადაც იმაში, თუ როგორ უსმენს... აი, ამ დროს ხვდები: კამერამ აიღო და გვიჩვენა, როგორ უსმენს ამერიკული კინოს ვარსკვლავი უბრალო ადამიანებს.

რა დავინახეთ? თურმე არტისტი, რომელიც სულ თამაშობს, შეიძლება არ თამაშობდეს იმას, რომ სხვას უსმენს - ის შეიძლება მართლა უსმენდეს, განიცდიდეს. და ეს მართლა გენიალურია! კინომ არტისტს, რომლისთვისაც გარდასახვა, გმირში შესვლა (თუ “გმირით დაფეხმძიმება”) მუშაობის წესია, ერთგვარი კონსტიტუციაა, დაუბრუნა საკუთარი თავი, მოახსნევინა ნიღაბი და დაგვანახვა, რამდენად აქვს ამ არტისტს, როგორც ადამიანს, თანაგრძნობის, სხვისი დარდის გაზიარების უნარი. აღამოჩნდა, რომ მაკდორმადს ეს შეუძლია. ის, უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანია.

“მომთაბარეთა მიწა” თავისებური ანტიჰოლივუდური ფილმია - ეს არაა კინო იმაზე, თუ როგორ შეიძლება “მონდომებით”, “შრომით”, “ნებისყოფით”, “წინააღმდეგობების გადალახვით” (ყველა ამ სიტყვას ბრჭყალებში ვსვამ, რადგან უკვე კლიშედ იქცა) მიაგნო გამოსავალს. “მომთაბარეთა მიწა” არანაირ ილუზიას არ გვიქმნის, ეს არაა “ოცნებების ფაბრიკის” მორიგი, თუნდაც ძალიან მაღალი ხარისხით დამზადებული კინოსაქონელი. და სწორედ აქ იქმნება წინააღმდეგობა, რომელიც “მომთაბარეთა მიწას” დიდ ხელოვნებად აქცევს: გამოსავალი არაა, მაგრამ არიან ადამიანები - გულღია, კეთილი, თავისუფალი ადამიანები, რომლებსაც ფერი ხვდება. იმედი მხოლოდ ერთია - ისინი ოდესმე შეიძლება ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, კარგი ადამიანები შეიძლება ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, თუკი, ცხადია, არ გაჩერდებიან, თავისუფლებაზე უარს არ იტყვიან და გააგრძელებენ ასე, “სივრცის გარღვევას”.

ქლოა ჩჟაოს სამყაროში მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია. ჩვენ ვხედავთ ამერიკას, რომელიც არ ჩანს არსად, რომელსაც კინოკამერა, როგორც წესი, გაურბის. თურმე ძალიან ლამაზია ეს ამერიკა, მართლაც რომ თავისუფალი ადამიანებით, რომლებსაც არაფერი აღარ დარჩათ თავისუფლების გარდა. “გაუშვი სახლი”, “გაუშვი წარსული”, უთხარი გუშინდელ დღეს “წადი!” და, ვინ იცის, იქნებ ასე იგრძნო თავისუფლება. ესაა, ჩემი აზრით, ქლოა ჩჟაოს მთავარი გზავნილი. ამიტომ მგონია მაინც, რომ, უმწვავესი სოციალური კრიტიკის მიუხედავად, რასაც რეჟისორი არ გაურბის, “მომთაბარეთა მიწა”, პირველ რიგში, ფილოსოფიური ფილმია... სურათი იმაზე, თუ როგორ შეიძლება “არაფერი” გადაიქცეს “ყველაფრად”, როგორ შეიძლება სიცარიელეში დაიბადოს სინათლის სხივი.

რეჟისორი წარმოშობით ჩინელია. შეიძლება ამანაც განსაზღვრა ფილმის ეს “აღმოსავლური” რაკურსი. ქლოა ჩჟაო ეჭვის თვალით უყურებს სახლის, როგორც რაღაც მარადიულის, გაკერპებას, განსაკუთრებით რომ არის დამახასიათებელი ამერიკული (თუმცა არამარტო ამერიკული) კულტურისთვის. ოჯახი, სამუშაო, სახლი - ყველაფერი, რაც სტაბილურობის განცდას ქმნის, რაც ადამიანს ხიფათისგან იცავს (მით უფრო ირონიულად მეჩვენება ამ კონტექსტში ჩვენი დღევანდელი კოვიდდევიზი “დარჩი სახლში!”), “მომთაბარეთა მიწაში” უარყოფილია... სიცოცხლის სასარგებლოდ, სიახლის და, რაც მთავარია, მოძრაობის სასარგებლოდ

მწყდება გული, ამ ყველაფერს დიდ ეკრანზე რომ ვერ ვხედავთ. მასშტაბების ცვლა და კონტრასტები ხომ ამ პანორამული ფილმის მთელ სტილს განსაზღვრავს - თითქმის ყველა კადრში ვგრძნობთ ვრცელი, უსაზღვრო, თითქოს უსასრულობაში განფენილი სამყაროსა და მარტოხელა ქალის ერთიანობას. ეს ერთიანობა ამავე დროს “გარითმულია” აბსოლუტურ განტვირთულობასთან, სიცარიელესთან. უკაცრიელი პეიზაჟები და ცარიელი ტრასები ხანდახან სიზმარსაც კი ჰგავს, თითქოს სწორედ ესაა დედამიწა აპოკალიფსის შემდეგ და ეს ადამიანები, აღარაფერი რომ არ დარჩათ ცხოვრებაში, უფრო გადარჩენილებს ჰგვანან.

პანდემიის დროს სულ სხვანაირად აღიქმება ფილმი, რომელიც პანდემიამდეა გადაღებული. ტრამპის ამერიკაც სხვანაირად აღიქმება ტრამპის დამარცხების შემდეგ. არსებითად ესაა ფილმი ადამიანებზე, რომლებიც სწორედ ტრამპის ამერიკას გაექცნენ. ისინი გაექცნენ “სახლის” და “ოჯახის” კულტს, რომლის დამკვიდრებას ცდილობდნენ ტრამპისტი კონსერვატორები.

ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ - წააგეს ეს ბრძოლა თავისუფლების იდეასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG