Accessibility links

logo-print logo-print

კითხვები ქალებს - რატომ შეიძლება იგრძნო თავი უხერხულად ექიმთან  


- ლოგინი თუ გქონია?

- ბობოქარი რამდენიმე თვე არ შეიძლება.

- ქმართან ცოტა ხანს ნუ „იცხოვრებ“.

- ბოლოს როდის „იცხოვრე“ ქმართან?

თუკი გინეკოლოგთან ხართ და მსგავს კითხვებს ისმენთ, ნუ დაიბნევით. იცოდეთ, რომ ექიმის კითხვები თქვენს ავეჯს კი არა, თქვენს სქესობრივ ცხოვრებას ეხება.

ჯანმრთელობის შესახებ ასეთი ფორმულირებით ინფორმაციის შეგროვება გაუგებრობასთან ერთად უხერხულობასაც იწვევს ხოლმე. ვინც ქმართან კი არა, პარტნიორთან ცხოვრობს, თავი დამნაშავედ უნდა იგრძნოს ან რა უნდა უპასუხოს ექიმს, რომელიც არასწორ შეკითხვებს სვამს?!

„ერთ-ერთ გინეკოლოგთან მქონდა შემთხვევა, აი, ისეთთან, კონსულტაცია რომ 100 ლარი ღირს, როცა მისი ასისტენტები ცდილობდნენ გამოეცნოთ, ვიყავი თუ არა ქალიშვილი - ანკეტას ავსებდნენ და ქალიშვილი ხარ თუ არაო. მეორემ, მოიცა, გამოვიცნობ, სახეზე ეტყობათ ხოლმეო. რა თქმა უნდა, გინეკოლოგს აქვს უფლება, კითხვა დასვას მკაფიოდ, მაგალითად, ასე: გაქვთ თუ არა სექსუალური ურთიერთობა, ან გყავთ თუ არა პარტნიორი, და არა - ქმარი გყავთ? გათხოვილი ხართ? ცხოვრება გაქვთ? ლოგინი გქონდა? ცოტა დავიბენი, სიმართლე რომ ვთქვა. უბრალოდ, პირი დავაღე. რა თქმა უნდა, მეორედ აღარ მივსულვარ“, - იხსენებს 30 წლის ნინა გაბრიჩიძე ვიზიტს ერთ-ერთ ცნობილ გინეკოლოგთან.

ნინას რამდენიმე ექიმმა ისიც უთხრა, რომ განკურნების ერთადერთი გზა ფეხმძიმობა იქნებოდა. არადა, ნინა შვილის გაჩენას არ გეგმავდა, მას მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტები აინტერესებდა.

„მაგალითად, ენდომეტრიოზის (საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილის არაბუნებრივ ადგილას განვითარება) დროს საზღვარგარეთ სთავაზობენ 3 ვარიანტს: ოპერაციას, ორსულობას და ჰორმონალურ თერაპიას, რომელსაც ისეთივე ეფექტი აქვს. თავად მიწევს ჩემს თავს ვუმკურნალო. ექიმს მხოლოდ ჰორმონს ვაწერინებ ფორმალურად. ესეც არაეთიკური მიდგომაა, როცა მხოლოდ ორსულობას სთავაზობ პაციენტს. ორმა ექიმმა ჰორმონალური მკურნალობის ვარიანტი დამიმალა. როცა არ იციან, გაჩეჩებენ გათხოვებას, ოპერაციას, შვილის გაჩენას და მარტივ გამოსავლებს. თან მათ წამოსროლილი რეპლიკებისთვის პასუხს მაინც არავინ მოსთხოვს”, - ამბობს ჟურნალისტი ნინა გაბრიჩიძე, რომელიც თავის გამოცდილებას მსგავსი პრობლემების მქონე ქალებს უზიარებს.

ნინა გაბრიჩიძე
ნინა გაბრიჩიძე

„ამდენი წლის ხარ და შვილი ჯერ არ გყავს?! რას ელოდები?!” - ასე მიუთითებენ ცირა გვასალიას იმაზე, რომ ასაკის მატებასთან ერთად შვილოსნობის უნარი იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ შვილის გაჩენა მისი დიდი სურვილია, ამ ფორმით მის ცხოვრებაში ჩარევა, ნინას მსგავსად, არც მას სიამოვნებს და არაეთიკურად მიაჩნია.

„ამ საკითხის ასე დასმა ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია, რადგან მართლა ძალიან მინდა შვილი მყავდეს, მაგრამ აქამდე არ მომეცა საშუალება, გამეჩინა. ექიმის მიზანი უნდა იყოს ფაქტობრივი ინფორმაციის მოგროვება. ის არის მკურნალი და არა მორალური პოლიცია. კითხვა "რატომზე" პასუხი ექიმს არაფერს აძლევს, გარდა პაციენტის არაეთიკური კრიტიკისა”, - ამბობს ჟურნალისტი, რომელიც სამედიცინო თემებზე თავადაც წერს.

ცირასთვისაც, ისევე როგორც არაერთი ქალისთვის საქართველოში, მისი სქესობრივი ცხოვრების შესახებ ასეთი ფორმულირებით უკითხავთ - „გათხოვილი ხარ?” - ასე ცდილობენ გაიგონ, ჰყოლია თუ არა პაციენტს პარტნიორი, თუმცა ცირამ მიაგნო მისთვის მისაღებ ექიმს, რომელთანაც მსგავსი პრობლემა არ შეჰქმნია.

„ერთი შემთხვევა მქონდა წელიწად-ნახევრის წინ. სამთავრობო პროგრამის გინეკოლოგი იყო. მკითხა, გათხოვილი თუ ხარო. მივხვდი, რა იგულისხმა, მაგრამ ვუთხარი, რომ არ ვიყავი ამჟამად გათხოვილი. აიღო ბიოლოგიური ნიმუში და მეტი აღარ გაუგრძელებია ამ თემაზე.

მეორე გინეკოლოგი, რომელთანაც ბოლო 8 წელია, რაც დავდივარ, უფრო კარგ კითხვებს სვამს. ანუ მეკითხება, მყავს თუ არა პარტნიორი, ერთი პარტნიორი თუ რამდენიმე და ა.შ. ანუ ყველა ექიმი ერთნაირი არაა, ამის თქმა მინდა. მაგრამ არსებობენ ძველი თაობის ექიმები, რომლებსაც ასეთი კითხვების დასმა ეუხერხულებათ და შედარებით ტრადიციული ფორმის ურთიერთობების კონტექსტში სვამენ კითხვებს”, - ამბობს ცირა გვასალია.

არსებობს არაერთი ფეისბუკჯგუფი, სადაც ქალები ერთმანეთს რეკომენდაციებს აძლევენ და გამოცდილებას უზიარებენ, ექიმის ძიებისას კი ითხოვენ ხოლმე, ოღონდ სანდო ექიმი მირჩიეთ, სწორად რომ დასვას კითხვები და არ „დამიწყოს შერცხვენაო”.

როგორი კითხვები უნდა დასვას ეთიკურმა ექიმმა და რისთვის უნდა იყოს მზად პაციენტი გინეკოლოგთან პირველი ვიზიტისას, რა კითხვებზე პასუხი სჭირდება ექიმს ანამნეზის შესაგროვებლად და არა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად? - რადიო თავისუფლების კითხვებს ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი სოფიო ბოჯგუა უპასუხებს.

ექიმი გინეკოლოგი - სოფიო ბოჯგუა
ექიმი გინეკოლოგი - სოფიო ბოჯგუა

ექიმთან მისვლა მოზარდს შეუძლია მეურვის ან მშობლის გარეშე 16 წლის ასაკში. მან უნდა იცოდეს, რომ ექიმი მის მხარესაა და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემს.

პაციენტს აქვს უფლება, დასვას ყველა კითხვა და იცოდეს, რა მანიპულაციები ჩაუტარდება.

მან თავი დაცულად უნდა იგრძნოს, რასაც ექიმმა ხელი უნდა შეუწყოს.

თუკი ექიმი პაციენტის ნდობას არ იწვევს, არ მოსწონს მისი დამოკიდებულება და კითხვებზე პასუხის ფორმა, ჯობია, ასეთ ექიმთან არ მივიდეს და შეწყვიტოს კონსულტაცია.

რაც შეეხება კითხვებს:

ვიზიტისას ექიმს სჭირდება ანამნეზის შეკრება კითხვების დასმით.

  • თუკი დაუცველ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა, პაციენტს შეიძლება დავუსვათ კითხვა პარტნიორების რაოდენობის შესახებ, რაც საჭიროა გარკვეული დაავადებების გამოსარიცხად და არა მის გასაკრიტიკებლად.
  • შეკითხვები მენსტრუალური პერიოდის რეგულარობისა და მიმდინარეობის შესახებ.
  • გინეკოლოგი პაციენტს ესაუბრება ასევე ოჯახის დაგეგმვაზე, დაცულ სექსუალურ ურთიერთობაზე, კონტრაცეფციაზე და ურჩევს მისთვის უსაფრთხო კონტრაცეფციას, მაგალითად, იმისთვის, რომ გამოირიცხოს სქესობრივი გზით გადამდები პაპილომა ვირუსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე.
  • შეკითხვა, ოჯახში ჰქონია თუ არა ვინმეს ონკოლოგიური დაავადება, იმისთვის რომ გამოირიცხოს გენებით განპირობებული რისკფაქტორები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჰორმონალური კონტრაცეფციის დანიშვნისას.
  • ხომ არ ჰქონია ჰერპესი გადატანილი.
  • გასაუბრების შემდეგ ხდება პაციენტის გასინჯვა,
  • ნაცხის ბაქტერიოსკოპია
  • ექოსკოპია
  • ასევე ვაზუსტებთ ხოლმე, თუ ეწევა პაციენტი, რა რაოდენობით, რადგან თუ შვილის გაჩენას აპირებს, უნდა იცოდეს, რომ მოწევა ოვარიულ რეზერვს ამცირებს, სხვანაირად რომ ვთქვათ, საკვერცხეს აბერებს, ასევე 400-ჯერ ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს.​

ასე რომ, არის კითხვები, რომლებიც შეიძლება არ მოეწონოს პაციენტს, თუმცა ვალდებული ვართ, გავაფრთხილოთ მისივე კეთილდღეობის გამო. შვილოსნობა შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემის მოგვარების საშუალება, მაგრამ ის მიდგომა, რომ შვილი გააჩინე და გაგივლის, ეს არასწორია და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს მასზე მორგებული მკურნალობის მეთოდი”, - განმარტავს გინეკოლოგი სოფიო ბოჯგუა.

რაც შეეხება პაციენტებთან ურთიერთობისას არასწორად გამოყენებულ ლექსიკას, გინეკოლოგი ფიქრობს, რომ მიდგომები ორი მიმართულებით უნდა შეიცვალოს: სამედიცინო პერსონალისთვის შეიქმნას ბროშურები, თუ როგორია ეთიკური კომუნიკაცია; მეორე მხრივ, პაციენტმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები და არ მოერიდოს ყურადღება გაამახვილოს იმ არასწორ მიმართვასა თუ კითხვებზე, რომელთაც შეიძლება ესა თუ ის ექიმი იყენებდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG