Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპის იმპიჩმენტი: რა არის მოსალოდნელი?


მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა 13 იანვარს, ტრამპი გახდა ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ეს ბედი ორჯერ ხვდა წილად.

საერთოდ ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტებს იმპიჩმენტი სამჯერ გამოუცხადეს. ეს იყვნენ: ენდრიუ ჯონსონი, ბილ კლინტონი და დონალდ ტრამპი. სამივე შემთხვევაში ამ პროცესს თვეები დასჭირდა. ამჟამად კი საქმე სხვაგვარადაა. წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს უნდობლობის ვოტუმი ერთ კვირაში გამოუტანა მას შემდეგ, რაც 6 იანვარს მისი მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ.

მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტი ავტომატურად არ ნიშნავს თანამდებობიდან გადაყენებას. საამისოდ საჭიროა სასამართლო პროცესი, რომელიც სენატში უნდა ჩატარდეს. ბრალმდებლები კონგრესმენები არიან, სენატორები კი ნაფიც მსაჯულთა როლს ასრულებენ. მოსამართლეებს აშშ-ის მთავარი მოსამართლე უხელმძღვანელებს.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, როდის დაიწყება სენატში საქმის განხილვა და დაუჭერენ თუ არა ტრამპის გადაყენებას მხარს მისი თანაპარტიელი რესპუბლიკელები.

პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ პროცესის ჩატარება მოესწროს 20 იანვრამდე, აშშ-ის ახალ პრეზიდენტად დემოკრატ ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე. ანუ, დიდი ალბათობით, ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება მაშინ, როცა ის ისედაც წასული იქნება პრეზიდენტის თანამდებობიდან. ერთი შეხედვით, ეს უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ მთელი რიგი მიზეზების გამო არის მაინც მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, სენატორებს შეუძლიათ, თავიანთი გადაწყვეტილებით ტრამპს აღუკვეთონ მომავალში მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.

საქმის სენატში გადაგზავნა

მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტს აცხადებს, მისი სპიკერი ბრალდების მუხლს თუ მუხლებს სენატს უგზავნის - მაშინვე, ან მოგვიანებით.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი იმპიჩმენტის დოკუმენტით ხელში. 2020 წ. 13 იანვარი.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი იმპიჩმენტის დოკუმენტით ხელში. 2020 წ. 13 იანვარი.

პალატის ამჟამინდელ სპიკერს, ნენსი პელოსის ეს ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა მან უკვე დანიშნა ცხრა „იმპიჩმენტის მენეჯერი“, რომლებიც სენატის წინაშე წარმოადგენენ ქვედა პალატის პოზიციას ტრამპის წინააღმდეგ. მიმომხილველების აზრით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ტრამპისადმი ბრალდება სენატს მალე გადაეცემა.

სენატის კალენდარი

კალენდრით, სენატს 19 იანვრამდე არ უწევს სხდომის გამართვა. ეს იქნება უკანასკნელი დღე, როცა მას უხელმძღვანელებს უმრავლესობის ლიდერი, რესპუბლიკელი მიჩ მაკკონელი. 20 იანვრიდან, როცა ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს დადებენ, რესპუბლიკელებს სენატში უმრავლესობა აღარ ექნებათ და მაკკონელის ადგილს დემოკრატი ჩაკ შუმერი დაიკავებს. სწორედ შუმერი განსაზღვრავს, როგორ წარიმართება ტრამპის სასამართლო პროცესი სენატში.

არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ მაკკონელმა სენატი 19 იანვრამდე შეკრიბოს საგანგებო სხდომაზე. მაგრამ მან უკვე განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს. ანუ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ პროცესი ინაუგურაციის შემდეგ გაიმართება.

მთელი ყურადღება მაკკონელისკენ

მაკკონელის როლი ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში უზომოდ დიდია. პრეზიდენტის თანამდებობიდან ტრამპის წასვლის შემდეგ იგი ვაშინგტონში ყველაზე გავლენიანი რესპუბლიკელი იქნება. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ამ საკითხში მისი პოზიცია.

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი.

თვალშისაცემია, რომ ამჟამინდელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით მაკკონელის ქცევა მკვეთრად განსხვავდება მისი პოზიციისგან 2019 წლის იმპიჩმენტის დროს. ამ ერთი წლის განმავლობაში სენატის უმრავლესობის ლიდერსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის ურთიერთობები აშკარად გაფუჭდა. ამავე დროს, ნათელი გახდა, როგორ ავნო რესპუბლიკელებს ტრამპის უპირობო მხარდაჭერამ წარსულში. რესპუბლიკელთა „ტრამპიზაციამ“ პარტიაში განხეთქილება და არეულობა შეიტანა. კონგრესის კულუარებიდან გამოსულ ხმებს თუ ვენდობით, მაკკონელმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და ტრამპისგან რესპუბლიკური პარტიის „განწმენდა“ დაისახა მიზნად.

როგორც Associated Press-ს უთხრა რესპუბლიკელმა პოლიტიკურმა სტრატეგმა, მაკკონელი ფიქრობს, რომ დანაშაული, რომელიც ტრამპმა ჩაიდინა, იმპიჩმენტს იმსახურებს. ამავე დროს, ის დემოკრატების მიერ ტრამპის იმპიჩმენტში ხედავს შანსს, შეასუსტოს გაუწონასწორებელი, აგრესიული და ქაოტური პრეზიდენტის გავლენა რესპუბლიკურ პარტიაზე.

როგორც Associated Press-ის ანონიმი წყარო ამბობს, მაკკონელმა რესპუბლიკური პარტიის მთავარ დონორებთან შეხვედრაზე თქვა, „ჩემთვის ტრამპი დამთავრებულია“. საყურადღებოა ასევე, რომ მას შემდეგ, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმში ბრბო შეიჭრა, გადადგა მაკკონელის ცოლი, ელეინ ჩეიო, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციაში ტრანსპორტის მინისტრის პოსტი ეკავა.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მაკკონელი სიგნალებს აგზავნის, საჯარო გამოსვლებში ის მაინც თავშეკავებულია. ამ კვირაში მან განაცხადა: „ჯერ არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ ვუყრი კენჭს“.

სენატის პოლიტიკა

მრავალი მიმომხილველის აზრით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თუკი მაკკონელი ტრამპის დამნაშავედ ცნობას დაუჭერს მხარს, მის მაგალითს სხვა რესპუბლიკელებიც მიჰყვებიან. თუმცა ჯერჯერობით ძნელი სავარაუდოა, რამდენი. ტრამპის გამამტყუნებელი განაჩენისთვის სენატორთა ორი მესამედის თანხმობაა საჭირო. ანუ 50 დემოკრატის გარდა 17-მა რესპუბლიკელმაც უნდა ცნოს ტრამპი დამნაშავედ.

აშშ-ის სენატი
აშშ-ის სენატი

თუ გავიხსენებთ ტრამპის პირველ იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატაში, მაშინ ამას არც ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა არ დაუჭირა მხარი. წელს კი უკვე ათი რესპუბლიკელი გაემიჯნა პრეზიდენტს და მისი გადაყენება მოითხოვა. ამიტომ არ არის წარმოუდგენელი, რომ სენატშიც დაუჭირონ რესპუბლიკელებმა მხარი ტრამპის გადაყენებას.

ტრამპის მომავალი

პრეზიდენტის დამნაშავედ გამოცხადების გარდა, სენატს შეუძლია ცალკე კენჭისყრით გადაწყვიტოს, აეკრძალოს თუ არა ტრამპს მომავალში პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება.

შუმერმა ოთხშაბათს განაცხადა: „ეჭვი ნურავის შეეპარება. აშშ-ის სენატში იმპიჩმენტის პროცესი ჩატარდება; იქნება კენჭისყრა პრეზიდენტის დამნაშავედ გამოსაცხადებლად მძიმე დანაშაულისა და დარღვევებისთვის; და თუკი პრეზიდენტი დამნაშავედ იქნება მიჩნეული, ჩატარდება კენჭისყრა, რათა მას აეკრძალოს საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა მონაწილეობა.“

ამ მეორე კენჭისყრისთვის მხოლოდ ჩვეულებრივი უმრავლესობა იქნება საჭირო, განსხვავებით იმპიჩმენტის თაობაზე კენჭისყრისგან, რომელშიც სენატორთა ორი მესამედის ხმებია საჭირო.

ისტორიულად ისეა, რომ ეს მეორე კენჭისყრა დამნაშავედ ცნობის შემდეგ ტარდება. ანუ ჯერ პრეზიდენტს თანამდებობა უნდა დაატოვებინონ და შემდეგ გადაწყვიტონ მისი მომავალი თანამდებობის ბედი. მაგრამ გადაჭრით არ შეიძლება თქმა, აუცილებელია თუ არა ჯერ ბრალდებულად ცნობა და შემდეგ მეორე კენჭისყრის გამართვა. აშშ-ის სამართლის წამყვანი სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ საჭიროა, ნაწილის აზრით კი, ტრამპის დისკვალიფიკაციის შესახებ ცალკე კენჭისყრა იმპიჩმენტის გარეშეც შეიძლება გაიმართოს.

თუმცა დისკვალიფიკაციისთვის არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელიც კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 სექციაშია მოცემული. მასში ნათქვამია, რომ არცერთ პირს არ შეუძლია ეკავოს თანამდებობა, თუკი მას კავშირი აქვს შეერთებული შტატების წინააღმდეგ „ამბოხებასთან ან აჯანყებასთან“.

ტრამპის მომხრეთა იერიში კაპიტოლიუმის შენობაზე. 2020 წ. 6 იანვარი.
ტრამპის მომხრეთა იერიში კაპიტოლიუმის შენობაზე. 2020 წ. 6 იანვარი.

ამ საკითხზე კენჭისყრისას კონგრესის ორივე პალატის უბრალო უმრავლესობაა საჭირო, რომ ტრამპს მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის გზა გადაეკეტოს (იმავე გაერთანებულ კონგრესს შეუძლია, ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გააუქმოს, მაგრამ საამისოდ უკვე ხმების ორი მესამედი იქნება საჭირო).

მაგრამ საკითხი ამით არ ამოიწურება. ჯერ ერთი, მე-14 შესწორება იმდენად ბუნდოვან ფორმულირებას შეიცავს, რომ იურისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება.

დაბოლოს, კონგრესმა რომც მოახდინოს ტრამპის დისკვალიფიკაცია, შესაძლოა უზენაესმა სასამართლომ მოისურვოს შეამოწმოს, რამდენად კანონიერია კონგრესის განაჩენი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპმა თავისი ოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში სამი კონსერვატორი შეიყვანა და ამჟამად ცხრაკაციან ორგანოში ისინი უმრავლესობაში არიან (6-3), გასაკვირი არ არის, რატომ უჭირთ სამართლის გამოცდილ სპეციალისტებსაც კი ტრამპის სამომავლო კარიერაზე მყარი პროგნოზების კეთება.

სხვა ტიპის იმპიჩმენტი

ამჟამინდელი იმპიჩმენტის პროცესი წინა იმპიჩმენტისგან განსხვავებულია.

2019 წელს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ ის უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას ახორციელებდა და მას მოუწოდებდა, ბაიდენის თაობაზე გამოძიება ეწარმოებინა. მაშინდელი რთული საიმპიჩმენტო პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა.

ამჟამად დემოკრატებმა მიიჩნიეს, რომ ტრამპის დანაშაული სრულიად აშკარა იყო - კაპიტოლიუმში შეჭრას ტელეარხები გადასცემდნენ და ეს მთელი მსოფლიოს თვალწინ მოხდა. თანაც ინციდენტის დროს კონგრესის წევრთა უმრავლესობა კაპიტოლიუმის შენობაში იყო შეკრებილი გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.

ასევე ტელევიზიით გადაიცა ბრბოს კაპიტოლიუმში შეჭრამდე ტრამპის გამოსვლა თავისი მომხრეების წინაშე, როცა მათ მოუწოდა, წასულიყვნენ კაპიტოლიუმთან და „გიჟურად ებრძოლათ“ (“fight like hell”) არჩევნების შედეგების წინააღმდეგ.

ტრამპი თავის მომხრეებს მოუწოდებს, კაპიტოლიუმისკენ წავიდნენ. 2020 წ. 6 იანვარი.
ტრამპი თავის მომხრეებს მოუწოდებს, კაპიტოლიუმისკენ წავიდნენ. 2020 წ. 6 იანვარი.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ შიფმა, რომელიც ამ უკანასკნელი იმპიჩმენტის გუნდს ედგა სათავეში, თქვა, რომ კაპიტოლიუმზე იერიში იყო „დანაშაული, რომელიც იმპიჩმენტს ექვემდებარება, რომელიც დღისით-მზისით იქნა ჩადენილი და რომლის მოწმე მთელი ქვეყანა იყო“.

ბრალდება

წარმომადგენელთა პალატის მიერ ტრამპისთვის გამოცხადებული იმპიჩმენტის რეზოლუცია ოთხ გვერდს მოიცავს. ბრალდებაში ნათქვამია, რომ ტრამპმა „სერიოზული მუქარა შეუქმნა შეერთებული შტატებისა და მისი სამთავრობო ინსტიტუტების უსაფრთხოებას“.

დოკუმენტის თანახმად, ტრამპის ქმედება შესატყვისობაშია მის ადრინდელ მცდელობებთან, „ძირი გამოეთხარა და შეეფერხებინა“ არჩევნების შედეგები. ასევე მასში ნახსენებია ახლახან მომხდარი ინციდენტი ჯორჯიაში. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ამ შტატში არჩევნები წააგო, მან დაურეკა ადგილობრივი საარჩევნო სისტემის ხელმძღვანელს და მოსთხოვა, მეტი საარჩევნო ხმა „გამოეძებნა“ მისთვის.

ტრამპი მრავალი კვირის განმავლობაში დაუსაბუთებლად ავრცელებდა ხმას, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ ისაა გამარჯვებული. მისი ეს პოზიცია კონგრესშიც ბევრმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა გაიზიარა.

შესაძლოა სენატმა ტრამპი დამნაშავედ ცნოს და ამ პროცედურას რამდენიმე დღე ან რამდენიმე კვირა დასჭირდეს. მაგრამ როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს საქმე, ათასობით ამერიკელი კიდევ დიდხანს იქნება დარწმუნებული, რომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობა მოჰპარეს.

(გამოყენებულია Associated Press-ისა და Reuters-ის მასალები)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG