Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანის თავდასხმას ემსხვერპლა უსაფრთხოების ძალების 12 წევრი


თალიბანის ექსტრემისტების ჯგუფმა დახოცა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 12 წევრი, დასავლეთის პროვინცია ჰერატში განხორციელებული იერიშის შედეგად.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა შიგნიდან იყო მოწყობილი. პოლიცია აცხადებს, რომ 15 იანვარს, გვიან ღამით იერიში განახორციელა თალიბანის სულ მცირე ორმა წევრმა, რომლებმაც მანამდე უსაფრთხოების ძალების რიგებში შეაღწიეს. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს დახოცილი პირების შეიარაღებით და ტყვია-წამლით. პოლიცია აცხადებს, რომ ამჟამად ტერიტორიას სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.

16 იანვარს დედაქალაქ ქაბულში ორი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა, მანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად - იუწყება ქაბულის პოლიცია. ამ თავდასხმაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

თალიბანი განაგრძობს თავის ძალადობრივ ამბოხებას ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ, მიუხედავად კატარში მიმდინარე მოლაპარაკებისა ავღანეთის შიდა ძალებს შორის. ქაბულში განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ".

ავღანეთის მთავრობის და თალიბანის წარმომადგენლები ამჟამად კატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფებიან და მოლაპარაკების დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG