Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა განსაზღვრა პირველი სამუშაო დღის საკითხები, მათ შორის, სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქება მუსლიმური ქვეყნებისთვის


დემოკრატი ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად მუშაობის პირველ დღეს გადადგამს რამდენიმე აღმასრულებელ ნაბიჯს, რათა შეაჩეროს მისი რესპუბლიკელი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილებები.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელსაც ბაიდენი 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ გადადგამს, იქნება სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქება აშშ-ში ჩასვლაზე, ზოგიერთი ქვეყნისთვის, რომელთა მოსახლეობაც უმეტესად მუსლიმია, - ამბობს ბაიდენის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი, რონ კლაინი, 16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

ეს ზომები იქნება პირველი იმ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს შორის, რომლითაც ბაიდენი აშშ-ის პოლიტიკას შეცვლის. აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს არ ესაჭიროება კონგრესის კანონმდებლობა ან თანხმობა.

პირველ სამუშაო დღეს ბაიდენი ასევე გეგმავს, დაიწყოს პარიზის კლიმატის ხელშეკრულებაში დაბრუნების პროცესი და შემოიღოს ნიღბების ტარების წესი ფედერალურ უწყებებში, კორონავირუსის კრიზისთან საბრძოლველად, - ამბობს კლაინი.

ამასთან, კლაინის თქმით, ბაიდენი გამოვა მნიშვნელოვანი საიმიგრაციო რეფორმის კანონპროექტით - თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპმა მიიღო, იყო მოგზაურობის აკრძალვა რამდენიმე მუსლიმური ქვეყნიდან. სასამართლოებში რამდენიმე საჩივრის განხილვის შემდეგ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 2018 წელს შეინარჩუნა აკრძალვების განახლებული ვერსია.

XS
SM
MD
LG