Accessibility links

logo-print logo-print

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა


ალექსანდრ ანქვაბი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის სისტემაზე გადაიყვანეს.

ანქვაბი COVID-19-ის დიაგნოზით, უკვე 10 დღეა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურის მიერ დღეს, 18 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, პლაზმოფილტრაციის შედეგად მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებული იყო, თუმცა, შემდეგ ანქვაბს ისევ დაეწყო სუნთქვის უკმარისობა და 17 იანვარს, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ის გადაიყვანეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე.

ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ, როგორც სტაბილურად მძიმეს.

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა და 4 იანვრამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მდგომარეობის გაუარესების გამო ალექსანდრ ანქვაბი ჯერ გუდაუთის, შემდეგ კი მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დეკემბრის ბოლოს კორონავირუსი აღმოაჩნდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 10 400-ზე მეტი შემთხვევა, მათგან 152 გარდაცვალების.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG