Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი "გირჩისა" და "მოქალაქეების" ინიციატივას "სამართლებრივად ჩამოუყალიბებელს" უწოდებს


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი "სამართლებრივად ჩამოუყალიბებელს" უწოდებს "გირჩისა" და "მოქალაქეების" ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ერთგვარი პლებისციტი იყოს. ასე გამოეხმაურა ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის ინიციატივას.

"თუკი ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმის შესაძლებლობაზე, იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები ან განმეორებითი არჩევნები, ამას სჭირდება საფუძველი, რომელსაც შექმნის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ან ნებისმიერი კომისია, რომელიც კომპეტენტურ პასუხს დადებს. პირდაპირი დაკავშირება ადგილობრივი არჩევნების პლებისციტთან და ამის გამოყენება, რათა ეს შეფასდეს, სამართლებრივად ჩამოუყალიბებელია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რამდენიმე დღის წინ მედიაში "გირჩისა" და "მოქალაქეების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი შეთავაზებაა, "თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად განისაზღვროს და დადგინდეს, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი".

"თუ აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შემოდგომაზე "ქართული ოცნების" რადიკალურად საწინააღმდეგოდ შეიცვალა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ან 2020 წელსაც მოიპარა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები და მართლაა ჩასატარებელი არჩევნები", - აცხადებდა ვახო მეგრელიშვილი, "გირჩის" ლიდერი.

31 ოქტომბრის არჩევნები 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა მათი უმრავლესობა ჯერ ისევ არ შედის პარლამენტში. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა პარლამენტში ოპოზიციიდან მხოლოდ 4 დეპუტატია. ისინი "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდნენ პარლამენტში მას შემდეგ, რაც ამავე პარტიის ლიდერებმა სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვეს. მათ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში შესვლა და საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG