Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინაციის ზრდის ფონზე, ევროკავშირში 400 000-ს გადასცდა კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

COVID-19-ის ვირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი 19 იანვრის სტატისტიკით გადასცდა 400 000-ს იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელი ავითარებს ვაქცინაციის კამპანიის გაფართოების გეგმას.

ამის შესახებ 19 იანვარს ევროპარლამენტში განაცხადა ჯანდაცვის საკითხების ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდისმა, რომელმაც ბოლო 10 თვეს „წარმოუდგენლად რთული“ უწოდა. „მაგრამ ჩვენ შევძელით ამ ფურცლის გადაშლა და 2021 წელს შევხვდით ძლიერი ინსტრუმენტით ხელში“, - აღნიშნა ევროკომისარმა, რომელმაც დასძინა, რომ ბლოკის 27 წევრ სახელმწიფოში გრძელდება ვაქცინაციის პროცესი.

იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო ვრცელდება კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გადამდები შტამი, მოელიან, რომ 19 იანვარს ევროკომისია მიიღებს დოკუმენტს იმის დათქმით, რომ 2021 წლის შუა რიცხვებამდე ევროკავშირში კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით აცრა ჩაუტარდება ბლოკის მოსახლეობის 70%-ს, დაახლოებით 446 მილიონ ადამიანს.

ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ დამატებით უზრუნველყო 300 მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მოპოვება. ეს Pfizer-BioNTech-ის 2021 წლის მთელი პროდუქციის დაახლოებით ნახევარს უდრის. ამის შესახებ 8 იანვარს განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

მანამდე ევროკავშირს უკვე ჰქონდა ამერიკულ კომპანია Pfizer-თან და მის გერმანელ პარტნიორ BioNTech-თან შეთანხმება 300 მილიონ დოზაზე.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი შეკვეთის ნაწილს, 75 მილიონ დოზას, ბრიუსელი მეორე კვარტალში მიიღებს, დანარჩენს - წლის ბოლომდე.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეამსუბუქოს ევროკავშირზე ზეწოლა და მის მიმართ კრიტიკა, რომ ის საკმარისად არ ზრუნავს მთელი ბლოკის ვაქცინით მომარაგებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG