Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე, ბაიდენი ფიცს დადებს, როგორც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი


აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მღელვარე საპრეზიდენტო არჩევნების და ძალაუფლების გადაცემის პერიოდების შემდეგ, დემოკრატი ჯო ბაიდენი 20 იანვარს, ადგილობრივი დროით დღის 12 საათზე ფიცს დადებს, როგორც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.

ცერემონია კაპიტოლიუმთან ჩატარდება, ვაშინგტონში უსაფრთოების გაძლიერებული ზომების ფონზე. როცა ხელს ბიბლიაზე დადებს, 78 წლის ბაიდენი გახდება ყველაზე ხანდაზმული პირი, რომელსაც საპრეზიდენტო ფიცი წარმოუთქვამს. ამის შემდეგ ის თეთრ სახლში შევა და დონალდ ტრამპს შეცვლის.

152 წლის განმავლობაში პირველად, მიმავალი პრეზიდენტი არ დაესწრება ინაუგურაციის ცერემონიას, თუმცა ექსპრეზიდენტები ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა იქ იქნებიან, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ჯონ რობერტსი ბაიდენს ფიცს ჩამოართმევს. ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმ კარტერი 96 წლისაა და თქვა, რომ ცერემონიაზე მისვლას ვერ შეძლებს.

ინაუგურაციას დაესწრებიან ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი და რესპუბლიკელი კანონმდებლები.

ისტორიული მოვლენა იქნება 56 წლის კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნაც, როგორც პირველი ქალის და პირველი არათეთრკანიანი პირის, ვისაც ამ თანამდებობაზე უმუშავია.

ინაუგურაციის ცერემონიის წინ, ბაიდენმა და ჰარისმა პატივი მიაგეს კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლთა ხსოვნას, რომელთა რიცხვი 400,000-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG