Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოს ოლიმპიადის ცერემონიებში მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება


ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, კორონავირუსის პანდემიის გამო, გახსნისა და დახურვის ცერემონიებში მონაწილე ოლიმპიელთა რაოდენობა შეამცირონ. თუ წინასწარი გეგმით, გახსნის ცერემონიაზე მოედანზე თერთმეტი ათასი ადამიანი უნდა გასულიყო, ოლიმპიადის მასპინძელთა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეთანხმებით, ახლა ამას მხოლოდ ექვსი ათასი შეძლებს.

„ათლეტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თამაშებზე მუშაობის გასამარტივებლად, აუცილებლად მივიჩნევთ თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების მონაწილეთა რაოდენობის გადახედვას, ასევე იმას, რა გზით შევლენ სტადიონზე აღლუმის მონაწილეები“, - ნათქვამია ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც გაავრცელა.

მომავალი ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მონაწილეებს, ასევე მოხალისეებს და სხვა მომსახურე პერსონალს COVID-19-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად სხვა შეზღუდვებიც დაუწესდებათ. სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. ამასთან, ოლიმპიური სოფლის მცხოვრებლებს კაფეტერიებში კვებისთვის ლიმიტირებული დრო მიეცემათ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოუწოდა ოლიმპიელებს, ტოკიოში ყოფნისას უარი თქვან ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაზე და თავისუფალი დრო ოლიმპიურ სოფელში გაატარონ, თამაშების დასრულების შემდეგ კი შეძლებისდაგვარად დროულად დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში.

იაპონია ერთი წლით გადადებულ ოლიმპიადას 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG