Accessibility links

logo-print logo-print

სააკაშვილის ინაუგურაცია და ოპოზიციის დაშლილი აქცია - რატომ ვიხსენებთ ამ ამბავს 13 წლის შემდეგ 


დღეს 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეორე ინაუგურაცია გაიმართა. ეს თარიღი 2020 წელს აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გია გაჩეჩილაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში მიხეილ სააკაშვილთან და “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგების დეტალებზე ისაუბრა.

2008 წლის 20 იანვარს, როცა თბილისში, რუსთაველის გამზირზე ინაუგურაცია იმართებოდა, მაშინდელი ოპოზიციის მოწოდებით რამდენიმე ათასი ადამიანი იპოდრომის ტერიტორიაზე შეიკრიბა. აქცია, რომელსაც ფეხით მსვლელობა უნდა მოჰყოლოდა, მოულოდნელად მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის მიმართვის შემდეგ დაიშალა.

ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის 20 იანვრის აქციაზე
ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის 20 იანვრის აქციაზე

სწორედ ეს დეტალი და აქციის მოულოდნელი დაშლის ისტორია გაიხსენა გია გაჩეჩილაძემ სატელევიზიო ეთერში.

გია გაჩეჩილაძე 2008 წლის 20 იანვრის აქციაზე
გია გაჩეჩილაძე 2008 წლის 20 იანვრის აქციაზე

"მომინახეს მეგობარი, რომელმაც ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან შესახვედრად. ავედით სააკაშვილთან მე და ბიძინა გეგიძე. რო ავედით, ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა, რა გავაკეთო, ოღონდ, ახლა შენ გაჩერდიო, პირდაპირ სიტყვებს გეუბნები, მეტს აღარ ვიზამო, რაც მოხდა, მასეთი აღარ ვიქნებიო. მე ვუთხარი, არ გიჯერებ-მეთქი, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე-მეთქი, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი, ბატონოო, წაიღეო, როგორც კი ეს ამბავი [დასრულდებაო]. უბრალოდ, კენია ხო არ ვართო, მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო, ავტეხოთ ახლა სისხლისღვრა, ხო იცი, შეგვიძლიაო და ისეო, რომ თან არავინ გააშუქებსო. კარგი, მომეცი-მეთქი [სიხშირე], სხვა რა გზა მქონდა. გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლის ღვრაზე წამეყვანა და წაგვეყვანა... ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო მეორე დღესვე", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მაშინდელი მოვლენები კარგად ახსოვს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრს, ეკა ბესელიას, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან. ის ამბობს, რომ მან სააკაშვილსა და გაჩეჩილაძის შეხვედრის შესახებ გვიან გაიგო, თუმცა დეტალები, რაზეც “უცნობმა” რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, მისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.

ეკა ბესელია 2008 წლის 20 იანვრის აქციაზე
ეკა ბესელია 2008 წლის 20 იანვრის აქციაზე

“გაოგნებული ვიყავი და ცრემლიც კი წამომცვივდა, როცა ვხედავდი იმ დღეს ყინულზე მდგომ ათასობით გულნატკენ ადამიანს, რომელიც იმედგაცრუებული დაბრუნდა უკან. მივხვდი, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება”, - ამბობს ბესელია “იპოდრომის აქციის” დაშლაზე და დასძენს, რომ მაშინ ის აქციის დაშლის მოწინააღმდეგეთა შორის იყო.

ის იდეა, რომ “იპოდრომის აქცია” გაჩეჩილაძისა და სააკაშვილის შეთანხმების შედეგად დაიშალა ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციად მიაჩნია “რესპუბლიკური პარტიის” მაშინდელ ლიდერს დავით ზურაბიშვილს. ის ამბობს, რომ არც უცნობი ამბობს ამას თავის ინტერვიუში.

“ჩვენ გაგვეცინა. რა შუაშია “უცნობი”, რაზე ელაპარაკება სააკაშვილი. ვინ ჰკითხავს უცნობს?! ჩვენ უკვე გადაწყვეტილი გვქონდა [აქციის დაშლა], ის ვერაფერს შეცვლიდა. ამიტომ გაგვეცინა, პრეზიდენტი შეშინებულია და უცნობს რა პონტში დაუკავშირდა”, - იხსენებს ზურაბიშვილი 13 წლის წინანდელ ამბებს და დასძენს, რომ გაჩეჩილაძე მაშინ არც აქტიურ პოლიტიკაში იყო ჩართული და არც ოპოზიციური გაერთიანება - “ეროვნული საბჭოს” წევრი იყო, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებით იღებდა გადაწყვეტილებებს.

“ოპოზიცია ვიყავით შეთანხმებული, ლევან გაჩეჩილაძის ჩათვლით, რომ ინაუგურაციის არ უნდა ჩაგვეშალა იმიტომ, რომ ამ დროს შეიძლება მომხდარიყო რაღაც უბედურება. ხელისუფლების მიმართ ნდობა, რომ ის არ გამოიყენებდა არაადეკვატურ ძალას, მით უფრო 7 ნოემბრის შემდეგ, არ გვქონდა. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება პოლიტიკურად წამგებიანი იყო, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული”.

თქვენთვის თუ იყო მიხეილ სააკაშვილთან იმ მოლაპარაკებაზე ცნობილი, რომელზეც მან ისაუბრა? მარტო სატელევიზიო სიხშირეზე იყო საუბარი?

კი, რა თქმა უნდა. იმ დღესვე [თქვა]. გიას არ დაუმალავს, რომ სააკაშვილს დაელაპარაკა და ის ჰპირდებოდა სიხშირეს. უბრალოდ, ჩავთვალეთ, რომ სააკაშვილი პანიკაში იყო... მაინც რამე არ მოხდესო, ყველა, ვინც რაღაცას იმუქრებოდა, ყველას რაღაცას სთავაზობდა. მერე ამასაც არ მისცა სიხშირე, გადააგდო.

როდის გადაწყდა, "იპოდრომის აქციის" დაშლა და მსვლელობის გაუქმება?

მსვლელობა უნდა ყოფილიყო სააკაძის მოედნამდე. ეტყობა მერე ვიღაცებმა ჩათვალეს, რა აზრი აქვს სააკაძის მოედნამდე წასვლასო და დაიშალა... ბოლოს, ეტყობა, თვითონ ლევან გაჩეჩილაძემაც და ვიღაცებმაც თქვეს, რომ აღარ გვინდა.

ეს საკითხი არ შეთანხმებულა თქვენს შეხვედრებზე?

მართალი გითხრათ, ეს არ იყო მთავარი საკითხი. მთავარი იყო, ინაუგურაციისკენ თუ წავიდოდით. თუ მიადგებოდა მიტინგი რუსთაველს, ძალიან ბევრი ხალხი იყო მოსული... მსვლელობას სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა საბურთალოსკენ თუ წავიდოდა, მაგრამ ვიღაცებმა იფიქრეს, ხალხი იქეთ რომ წავიყვანოთ, მერე შეიძლება ვიღაც რუსთაველზეც წავიდესო.

ჰქონდა სააკაშვილს კიდევ სხვასთან მოლაპარაკება, დაპირება?

ჩვენთან, რესპუბლიკურ პარტიასთან, ნამდვილად არ ყოფილა... არავითარი დაპირება ხელისუფლების მიმართ არ გვქონია, რომ "ჩვენ ამას არ ვიზამთ", ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის 20 იანვრის აქციაზე
სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის 20 იანვრის აქციაზე

საბჭოს კიდევ ერთ-ერთი წევრი პარტია “საქართველოს გზა” საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნოდა. ის ამ საკითხზე მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

“მოლაპარაკება, იმედი მაქვს, რომ მაშინაც იყო; დღესაც არის და იმედი მაქვს, რომ ყოველთვის იქნება ოპოზიციურ და არაოპოზიციურ მხარეებს შორის... ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა მოლაპარაკება ყველა პირობებში, ყველა მოცემულობაში”.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოში” არიან. ამ პარტიებიდან “უცნობის” განცხადებაზე მხოლოდ ის პირები საუბრობენ, ვინც მაშინ სამთავრობო გუნდში არ იყვნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ის ერთ-ერთი იყო იმ პირებს შორის, რომელიც მაშინდელი ხელისუფლბის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდა. მისი თქმით, ახლა გამოჩნდა, რომ მაშინდელი ლიდერი გია გაჩეჩილაძე ხელისუფლებას გაურიგდა რითაც იპოდრომზე შეკრებილ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.

“ხალხს მოუწოდებდა ქუჩაში გამოსვლისკენ და ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავისთვის სასიკეთო მდგომარეობა შეექმნა… ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს ბუნებრივი მისწრაფება, რომ ჩაახშოს სამართლიანი თუ უსამართლო პროტესტი. ამაში ბატონ გაჩეჩილაძეს ხელი შეუწყვია. ეს იგივეა დღეს მე რომ შევხვდე ბიძინა ივანიშვილს, არავის ვუთხრა, ვევაჭრო და თან აქციას ვმართავდე რუსთაველზე”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG