Accessibility links

logo-print logo-print

დეპარდიე და უელბეკი ტალახში


“თალასო”( ”Thalasso”, საფრანგეთი, 2019, რეჟისორი გიიომ ნიკლუ)

“თალასა”, რაც “ზღვას” ნიშნავს, ბერძნული სიტყვაა, თუმცა “თალასოთერაპიის” სამშობლოდ საფრანგეთი ითვლება. სწორედ აქ დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ზღვის წყლითა და ზღვის მცენარეებით ადამიანების მკურნალობა.

თავიდან მოგეჩვენებათ, რომ გიიომ ნიკლუს ფილმი მხოლოდ და მხოლოდ თალასოთერაპიის რეკლამაა, მეტი არაფერი. ჩვენთანაც ასე არ ხდება? ზღვისპირა კურორტზე სასტუმროს მფლობელები ეპატიჟებიან “ცნობად სახეებს” რამდენიმე დღით დასასვენებლად. მერე ესენი სახლებში ბრუნდებიან და სოციალურ ქსელებში თავიანთ ფოტოებს აქვეყნებენ მასპინძელი სასტუმროს ფონზე. “ძალიან მაგარი იყო!”, “ყველა პირობაა შექმნილი დასასვენებლად”, “კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ანზორს მასპინძლობისთვის”... თუკი ზღვისპირა სასტუმრო თალასოთერაპიის კურსს გვთავაზობს, ეს ხომ მთლად კარგი - “ჩადით, ხალხო, ქობულეთში. მკურნალობის მეთოდი კი არა, ნამდვილი ჯადოა, გამოგაცოცხლებთ. თქვენს სხეულს, თქვენს კანს ვეღარ იცნობთ”.

დიახ, თალასოთერაპია საქართველოშიც დაინერგა და, ჩემი ვარაუდით, საკმაოდ ძვირი სიამოვნება უნდა იყოს. მაგრამ თუ “ცნობადი სახე” ხარ და მუქთად გთავაზობენ, რატომ უნდა თქვა უარი? მით უმეტეს, თუკი სიბერე შემოგეპარა. ერთ ქართულ საიტზე თალასოთერაპიის შესახებ ასეთი რამეც კი ამოვიკითხე: “მკურნალობის ჩვენი მეთოდით ხდება ინფარქტგადატანილი ადამიანების სრულფასოვანი სამედიცინო, პროფესიული, სექსუალური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.”

ჰოდა, ასეა ამ ფრანგულ ფილმშიც. ჟერარ დეპარდიე, რომლის როლს ასრულებს ჟერარ დეპარდიე და თვით მიშელ უელბეკი (მიშელ უელბეკის როლში) ერთმანეთს ხვდებიან ნორმანდიის სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ კაბურის “სამკურნალო სასტუმროში” და ერთად იტარებენ თალასოთერაპიის სრულ კურსს. ორივე უკვე ასაკშია. ორივეს ხან რა აწუხებს და ხან რა. ორივე აღიარებს, რომ უარს არ იტყოდა ამ სრულფასოვან “პროფესიულ, სექსუალურ, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე”, ანუ, ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ორივეს ეშინია სიბერის... თუმცა რაღა დროს დეპარდიეს და უელბეკის ახალგაზრდობაა! ამას აღარ ეშველება უკვე. ორივეს, უბრალოდ, ეშინია სიკვდილის!

ფილმის მსვლელობისას ჯერ დეპარდიეს და უელბეკის დაფასებას იწყებ თვითირონიის გამო, უყურებ და ფიქრობ, როგორი მაგრები არიან, საკუთარი თავის მიმართ ქილიკს რომ დათანხმდნენ (დეპარდიე-უფრო! პროფესიონალი მსახიობია მაინც), მაგრამ სადღაც მეორე ნახევრიდან ხვდები, რომ ორივე ქილიკობს არა იმდენად საკუთარ თავზე, რამდენადაც იმ იმიჯებზე, რომლებიც მედიამ, კრიტიკოსებმა, მაყურებლებმა, მკითხველებმა შეუქმნეს ფრანგული კულტურის ამ ორ, მართლაც რომ, ძალიან დიდ ოსტატს. თვითონაც მიუძღვით ამაში ღვაწლი, რა თქმა უნდა. არაერთხელ, როგორც ახლა ამბობენ, “დაუტროლიათ” თავიანთი თაყვანისმცემლებიც და ოპონენტებიც. “ეს როგორ იკადრა!”, “რამხელა არტისტია და ეს რა ქნა”, “ეს რამ ათქმევინა”... ვერ ჩამოვთვლი, რა აღარ დაიწერა ბოლო დროს ერთზეც და მეორეზეც. მე პირადად დეპარდიეზე ხელიც მქონდა ჩაქნეული და აქამდე მის ექსცენტრიკულ გამოხდომებს მხოლოდ იმით ვამართლებდი, რომ მართლა ძალიან განიცადა თავისი ძალიან ნიჭიერი შვილის დაღუპვა რამდენიმე წლის წინ. მაგრამ “თალასომ” ისევ შემიცვალა აზრი, ისევ დამიბრუნა შესანიშნავი არტისტი, რომელსაც რამდენიმე გენიალური როლი აქვს შესრულებული. მათ შორის, ალბათ, “ყველა დროისა და ხალხის” როლები, მორის პიალას ფილმში “სატანის მზის ქვეშ” და ანჯეი ვაიდას “დანტონში”.

“თალასოსთვის” ნორმანდიის სანაპირო შემთხვევით არაა არჩეული. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 1944 წლის ზაფხულში ანტიჰიტლერული კოალიციის დასავლელმა მოკავშირეებმა თავიანთი ჯარები გადმოსხეს. ორი, უკვე დაბერებული, ხელოვანის საუბარი ევროპის დაისზე (თანაც, სასაცილოდ!) და გარემო, ადგილი, რომელიც ევროპის გადარჩენას შეგვახსენებს, ქმნის კონტრაპუნქტს, რომელიც, თავის მხრივ, მთელი ამ ფილმის ხერხემალია. ცხადია, უოლბეკის ატანა თუ არა გაქვთ და დეპარდიე გძულთ თუნდაც კადიროვთან ვიზიტის გამო, “თალასო” არანაირ სიამოვნებას არ მოგანიჭებთ, მაგრამ თუკი იმავე დეპარდიეს ცხოვრებაში “კადიროვს” იმ დონეზე აღიქვამთ, როგორც სამკურნალო ტალახს მსახიობის გაბერილ სხეულზე, დიდი მსახიობი ისევ გაგაოცებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმს სწორედ დუეტი ქმნის და საკმაოდ მნიშვნელოვანია, რაზე საუბრობენ ფილმის გმირები (ამ მხრივ უელბეკის ფანებს ბევრი სიურპრიზი გელით), “თალასოში” მთავარი მაინც დეპარდიეა, არტისტი, რომელმაც საკუთარი თავისგან კარიკატურა შექმნა (ცხოვრებაშიც და კონკრეტულად ამ ფილმშიც). და კიდევ, მთავარია სხეული, მისი დეტალები, მისი “დაჭკნობისა” და მოჩვენებითი გამოჯანსაღების ჩვენება; სწორედ ის, რაც კინოში ყოველთვის სხვა ხელოვნებებზე უფრო ეფექტურად გამოდის - დაბერების, დაისის ჩვენება როგორც სურათის პერსონაჟების, ისე მთლიანად ევროპის მაგალითზე.

ევროპას რომ შანსი არა აქვს, ევროპა რომ აუცილებლად დაეცემა, ამას ასი წლის წინ წინასწარმეტყველებდა ოსვალდ შპენგლერი. მაგრამ ვერ გათვალა. ევროპის გადარჩენა სწორედ იმ ადგილას დაიწყო, სადაც კორონავირუსის პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე ტალახის აბაზანებში ლივლივებდნენ ჟერარ დეპარდიე - მსახიობი, რომლის ცხოვრება და შემოქმედება, მართლაც რომ, დაეცა პუტინის რეჟიმთან გაარშიყების შემდეგ, და მიშელ უელბეკი, “21-ე საუკუნის შპენგლერი”, რომელიც, აი, უკვე რამდენი წელია, გვაუწყებს ევროპის აპოკალიფსის მოახლოებას. ამ დუეტზე მეტად საინტერესო კი, ჩემი აზრით, თავად ფილმის რეჟისორის, გიიომ ნიკლუს, როლია, მისი სურვილი ჩამოხსნას ნიღაბი თანამედროვე ფრანგული კულტურის ამ ორ პროვოკატორს და, გარკვეული თვალსაზრისით, შარლატანს. ბევრად უკეთესი იქნებოდა ფილმის ავტორს პერსონაჟების და, რაც მთავარია, კამერის მიმართ ნდობა ბოლომდე შეენარჩუნებინა და არ დაეწყო სიუჟეტის გართულება ფანტასტიკური კინოს ელემენტებით. არ არის გამორიცხული, რომ ახსოვდა რამდენიმე წლით ადრე გადაღებული თავისი ფილმის, “სიყვარულის ველის”(2015), წარუმატებლობა. იმ სურათში ისევ ჟერარ დეპარდიე და იზაბელ იუპერი მრავალი წლის განშორების შემდეგ ასრულებენ თვითმკვლელი შვილის უკანასკნელ თხოვნას და კალიფორნიაში, ე.წ. “სიკვდილის ველზე”, ხვდებიან ერთმანეთს. ჩანაფიქრი ძალიან კარგია და ორი მსახიობი, მართლაც, ყველაფერს აკეთებს, რათა აბსურდული სიტუაცია ნელ-ნელა დამაჯერებელი გახადოს. მაგრამ დრამატურგია ვერ ეხმარებათ. კამერა ბოლომდე ვერ მიჰყვება ვერც ერთს და ვერც მეორეს. შესაბამისად, სადღაც ფილმის მეორე ნახევარში დიდი არტისტების დუეტი უფრო სამსახიობო ეტიუდებს ემსგავსება... აქ, “თალასოში”, როგორც ჩანს, რეჟისორს შეეშინდა მაყურებლისთვის მოსაბეზრებელი არ გამხდარიყვნენ პერსონაჟები და დაიწყო ფილმის გაფორმება სრულიად ზედმეტი ორნამენტებით, რამაც ბუნდოვანი გახადა სურათის ავტორთა გზავნილი. ეგაა რომ სადღაც ფინალში უელბეკი თითქოს თავისთვის იტყვის: “დაბერების ტრაგედია ისაა, რომ შენ ისევ ახალგაზრდა რჩები”... ამას იტყვის და მაყურებელი ხვდება, რომ “თალასო” შეგვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას: გამოთვლას აზრი არა აქვს, ადრე თუ გვიან დაისის ხანა მაინც არ აგვცდება.

ამ ლოგიკით ევროპასაც მოერევა უფრო ძლიერი. ახლა საინტერესოა, მაინც ვინ გაანადგურებს მას - აზია, “გლობალური სამხრეთი”, პუტინი (თავისი კადიროვით), ვირუსი, სახელად “კორონა”, თუ ის ქვეყენა, რომელმაც ევროპა ოდესღაც დაღუპვისგან გადაარჩინა აქ, ნორმანდიაში. ამ კითხვის აზრს რომ ჩასწვდეთ, “თალასო” აუცილებლად ბოლომდე უნდა ნახოთ, აი, უკანასკნელ კადრამდე, სანამ ფინალური ტიტრები ბოლომდე არ ჩაივლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG