Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი პოლიტპატიმრებზე: ძალიან მძიმედაა ეს საქმე


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო არა რომელიმე საკითხზე საბოლოოდ შეთანხმება, არამედ პოზიციების გარკვევა და დაზუსტება.

„მე და ლევან იოსელიანი პარტია "მოქალაქეების" სახელით ვიყავით მოსულები, რომ გაგვერკვია, ჰქონდა თუ არა "ქართულ ოცნებას" სერიოზული მზაობა იმ ოთხ საკითხთან დაკავშირებით და იყო თუ არა მზად, წასულიყო კომპრომისებზე, ვინაიდან მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა“, - უთხრა მედიას ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ელისაშვილის თანახმად, იმსჯელეს ოპოზიციის ოთხივე მოთხოვნაზე, რომელთაგან ყველაზე მძიმე იყო პოლიტპატიმრების საკითხი. „მოქალაქეების“ ლიდერის განცხადებით, ეს თემა ძალიან პრინციპულად დააყენეს, თუმცა, „ქართული ოცნება" პოლიტპატიმრების არსებობასაც კი არ აღიარებს. როგორც ალეკო ელისაშვილმა თქვა, „ძალიან მძიმედაა ეს საქმე“.

მისი ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მზად არის სერიოზული დათმობებისა და კომპრომისისთვის საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესაცვლელად. ალეკო ელისაშვილის თქმით, პუნქტობრივად გაიარეს საარჩევნო რეფორმის საკითხები, ამ მხრივ პროგრესია და შეუთანხმებელი რჩება რამდენიმე დეტალი. რომელი დეტალები, ელისაშვილს არ უთქვამს.

რაც შეეხება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას - რიგგარეშე არჩევნებს, ალეკო ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ისევ იმ პოზიციაზეა, რომ თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაადასტურებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას, რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდება.

21 იანვარს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მათ დაასრულეს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც და მზად არიან საჯაროდ შეხვდნენ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივებზე სალაპარაკოდ და იმის გასარკვევად, მზად არის თუ არა მმართველი პარტია ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტების შესასრულებლად.

უკვე რამდენიმე კვირაა, უთანხმოებაა „მოქალაქეების“ ლიდერებს და იმ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც, ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანისგან განსხვავებით, პარლამენტს მიმართეს უფლებამოსილების შესაწყვეტად. ელისაშვილმა "ქართულ ოცნებასთან" აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით დაწყებული მოლაპარაკების ჩაშლაში "ევროპული საქართველოს" ლიდერები დაადანაშაულა. თავად ალეკო ელისაშვილს ბრალი დასდეს იმაში, რომ პარლამენტში შესვლის საბაბს ეძებს.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი აცხადებს, რომ მისთვის ოპოზიციის უმთავრეს მოთხოვნაზე, ვადამდელ არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება. სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ელისაშვილი "ქართული ოცნების" დაკვეთას ასრულებს.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ვადამდელი არჩევნების გამართვასა და საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად მოითხოვენ პოლიტპატიმრების, გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას.

"ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას და პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში წითელ ხაზად აქვს გამოცხადებული ხელახალი არჩევნების შესაძლებლობა. ამასთან, "ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და თუ ის დაადასტურებს, რომ არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იანი ცდომილებაა, რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდება. მმართველი პარტია ადასტურებს საარჩევნო რეფორმისთვის მზადყოფნასაც.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, "ქართული ოცნების" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გასულ წელს გაიმართა მოლაპარაკების ოთხი რაუნდი. პროცესის გაგრძელების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG