Accessibility links

logo-print logo-print

ნინო ნიკოლაიშვილი: უნდა გვქონდეს ოპტიმიზმი ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით


ნინო ნიკოლაიშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი

ნინო ნიკოლაიშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აფასებს ევროსასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების მნიშვნელობას:

„ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ის მნიშვნელოვანი არგუმენტაცია და დაადასტურა ის პოზიცია, რასაც საქართველო წარადგენდა მრავალი საერთაშორისო ფორუმის წინაშე: ის, რომ რუსეთი ახორციელებდა და ახორციელებს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიების ოკუპაციას; მეორე - ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და მესამე - ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ განხორციელდა ეთნიკურად ქართველების ეთნიკური წმენდა, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ სახლებში. ანუ, პირველადი შეფასებისას მე გამოვყოფდი ამ სამ ასპექტს“.

გადაწყვეტილების შინაარსობრივ ნაწილს რაც შეეხება, ნინო ნიკოლაიშვილი განმარტავს:

„საქართველო ასაჩივრებდა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევას. აქედან ჩვენ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა თითოეული ამ მუხლის დარღვევა, გარდა განათლების უფლებისა.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ შეტანილი გვაქვს ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ. ეს საჩივარი იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა საქართველოს მთავრობის სახელით 2018 წლის აგვისტოში და იქ ძალიან აქტიურად არის მიმოხილული განათლების უფლება. ანუ, ის, რაზეც ახლა არ დადგინდა დარღვევა, იმედი გვაქვს, ახალი სახელმწიფოთაშორისო საჩივრის ფარგლებში, განგრძობადი ოკუპაციის ფარგლებში, სხვადასხვა მუხლის, მათ შორის განათლების უფლების დარღვევაზე ევროპულ სასამართლოს ექნება საშუალება, რომ იმსჯელოს“.


ნინო ნიკოლაიშვილის შეფასებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ითვალისწინებს საერთაშორისო პასუხისმგებლობას მის აღსრულებაზე:

„თუ ეს კონფლიქტი აქამდე იყო რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის საკითხი, დღეს უკვე, ევროპის სასამართლოს მსჯელობის შემდეგ და მას შემდეგ, რაც გვაქვს პირველი საერთაშორისო სასამართლოს დოკუმენტი მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით, ეს არის უკვე ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს. ეს არის უკვე მთელი ევროპის პასუხისმგებლობა, რომ რუსეთმა შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება“.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 21 იანვრის გადაწყვეტილებას საქართველო გამოიყენებს საკუთარი მიზნების მიღწევის ეფექტიან ბერკეტად:

„ამ გადაწყვეტილებას, სწორედაც რომ აღსრულების ნაწილში, ექნება უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეთნიკურად ქართველების უკან დაბრუნების პროცესში. ანუ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აღსრულების ეტაპზე, როგორც მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, ასევე ყველა სხვა საერთაშორისო პლატფორმების წინაშე, აქტიურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ არაღიარების პოლიტიკა მეტად გაძლიერდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და, რაც მთავარია, იმისათვის, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება.

შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს ოპტიმიზმი ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს არის პირველი საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ უთითებს ამ დარღვევებზე“.

ნინო ნიკოლაიშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში დეტალურად ილაპარაკა აგრეთვე ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევის დადასტურების ნაწილზე:

„სხვა მუხლებთან ერთად, აქ დადგინდა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა. კერძოდ, ქართველ სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ პირების, რომლებიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, განსაკუთრებული, სპეციალური სტატუსით სარგებლობენ, მიმართ მოპყრობა უთანაბრდებოდა მესამე მუხლის ყველაზე მაღალ შკალას, რაც არის წამება.

რაც შეეხება ქართველ სამოქალაქო პირებს, სასამართლომ მიუთითა, რომ დაახლოებით 160 ქართველი სამოქალაქო პირის ცხინვალის იზოლატორში დაკავება და არასათანადო მოპყრობა. მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ ისინი. ასევე ევროპული სასამართლო უთითებს, რომ მრავალი მათგანი იყო ხანდაზმული, ხოლო ერთი მესამედი იყვნენ ქალბატონები. მათ მიმართ მოპყრობა აგრეთვე არღვევდა ევროპული კონვენციის მესამე მუხლს, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის გამო. სწორედ ამ დაკავების საფუძველზე, დადგინდა ევროკონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევაც, რაც გულისხმობს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევას“.

2008 წლის აგვისტოს ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 12 წლის დაწყებული დავა 21 იანვარს დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG