Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით


საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებს, როცა მათ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი დააყენეს, მოკლედ მოუჭრეს და საერთოდ არ ელაპარაკნენ.

პარლამენტში, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ მათ „პოლიტპატიმრების საკითხის შემობრუნება სცადეს ორჯერ თუ სამჯერ“, მაგრამ „ქართული ოცნება“ მათ ამ თემაზე არ ესაუბრება.

„საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებსა და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ და პოლიტპატიმარი არ არის ის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევანდელ მოცემულობასთან. ასეთი საქართველოში არ არსებობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის გარდა დააყენეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, მაგრამ „ქართული ოცნება" მათ არსებობასაც კი არ აღიარებს და „ძალიან მძიმედაა ეს საქმე“.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ვადამდელი არჩევნების გამართვასა და საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად მოითხოვენ პოლიტპატიმრების, გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას.

"ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას და პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში წითელ ხაზად აქვს გამოცხადებული ხელახალი არჩევნების შესაძლებლობა. ამასთან, "ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და თუ ის დაადასტურებს, რომ არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იანი ცდომილებაა, რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდება. მმართველი პარტია ადასტურებს საარჩევნო რეფორმისთვის მზადყოფნასაც.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, "ქართული ოცნების" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გასულ წელს გაიმართა მოლაპარაკების ოთხი რაუნდი. პროცესის გაგრძელების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

დღეიდან პარტია "მოქალაქეებმა", რომელსაც პარლამენტში ორი მანდატი აქვს, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკება დამოუკიდებლად დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG