Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: შესაძლოა, პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხში პოზიციები იმდენად დაახლოებულია, რომ ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი:

„და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია“.

თალაკვაძის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ სრულად უჭერს მხარს საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს და დეტალებზე მუშაობას გააგრძელებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის თანახმად, განიხილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევის საკითხი, საარჩევნო პროცედურების დაზუსტება, საარჩევნო პროცესში ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და ცესკოს დაკომპლექტების წესი, რათა პარლამენტში მყოფ ყველა პარტიას წარმომადგენელი ჰყავდეს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, იმედი აქვს, რომ შეთანხმებას შეძლებენ და ეს შეთანხმება ღია იქნება სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც, ვისაც მიაჩნია, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიები ერთად უნდა გადამოწმდეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და მომავალი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს უფრო გაუმჯობესებული კანონმდებლობით.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ვადამდელი არჩევნების გამართვასა და საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად მოითხოვენ პოლიტპატიმრების, გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას.

"ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას და პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში წითელ ხაზად აქვს გამოცხადებული ხელახალი არჩევნების შესაძლებლობა. ამასთან, "ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და თუ ის დაადასტურებს, რომ არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იანი ცდომილებაა, რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდება. მმართველი პარტია ადასტურებს საარჩევნო რეფორმისთვის მზადყოფნასაც.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, "ქართული ოცნების" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გასულ წელს გაიმართა მოლაპარაკების ოთხი რაუნდი. პროცესის გაგრძელების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

დღეიდან პარტია "მოქალაქეებმა", რომელსაც პარლამენტში ორი მანდატი აქვს, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკება დამოუკიდებლად დაიწყო.

XS
SM
MD
LG