Accessibility links

logo-print logo-print

ეხმარება თუ არა D ვიტამინი COVID-19-ის პრევენციას - გზამკვლევი


მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი D ვიტამინის უკმარისობას უჩივის. გარდა იმისა, რომ მისმა ნაკლებობამ შესაძლოა ინფექციური და სიმსივნური დაავადებების განვითარებას შეუწყოს ხელი, ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ზრდის დეპრესიის შანსსაც.

ენდოკრინოლოგი - ნინო დოლიძე
ენდოკრინოლოგი - ნინო დოლიძე

D ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანია იმუნური და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და რადგანაც კორონავირუსი ადვილად ერევა სუსტი იმუნიტეტის მქონე ორგანიზმს, კიდევ უფრო საყურადღებო გახდა D ვიტამინის დეფიციტის პრობლემა. ეს პრაქტიკული გზამკვლევი რადიო თავისუფლებამ მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის ენდკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის, რჩევების მიხედვით მოამზადა.

ეხმარება თუ არა D ვიტამინი კოვიდის პრევენციას?

ამ საკითხზე არაერთი კვლევა ჩატარდა და ჯერ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ურთიერთგამომრიცხავი თეორიებისა და არასაკმარისი კვლევების გამო, არ გასცემს რეკომენდაციას, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის D ვიტამინის მიღებაა საჭირო.

თუმცა 7 დეკემბერს გამოქვეყნდა 200-ზე მეტი ექსპერტის “ღია წერილი”, სადაც ექიმები, პროფესორები, მკვლევრები აშშ-დან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან მიმართავდნენ ჯანდაცვის ორგანიზაციებს და მთავრობებს, რომ ორგანიზებულად და მიზანმიმართულად დაიწყონ D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია იმუნიტეტის გაჯანსაღებისთვის.

რა პროდუქტებშია D ვიტამინი?

* ცხრილში პროცენტებით გამოსახულია D ვიტამინის დღიური ნორმის წილი მოცემულ პროდუქტებში.

რადგანაც D ვიტამინის ნორმის სრულად შევსება ჩამოთვლილი საკვებით შეუძლებელია, ზამთრის პერიოდში კი ყოველთვის არ კაშკაშებს მზე, ექიმები პროფილაქტიკის მიზნით პაციენტებს D ვიტამინის მიღებას ურჩევენ - იქნება ეს წვეთები, ტაბლეტები თუ აეროზოლი.

რა დოზით უნდა მივიღოთ D ვიტამინი?

საწყის ეტაპზე ანალიზებით უნდა დადგინდეს, გაკლიათ თუ არა D ვიტამინი, რის შემდეგაც ენდოკრინოლოგი დანიშნავს საჭირო მკურნალობას.

მედიკამენტს აქვს განსაზღვრული დოზირება საერთაშორისო ერთეულებით (IU), რომელიც შეფუთვაზევეა დატანილი. შესაბამისად, ადამიანს არ მოუწევს თავისით დოზების გადათვლა.

მაგრამ თუ ოპტიმალურ რაოდენობას ავიღებთ, ჯანმრთელმა ადამიანმა პროფილაქტიკისთვის შეიძლება მიიღოს 1000-2000 საერთაშორისო ერთეული (IU) (25-50 მკგ) დღეში.

  • ეს არ ეხებათ ბავშვებს, ორსულებსა და რაიმე ტიპის დაავადების მქონე პაციენტებს. თანმხლები დაავადების შესაბამისად დოზას მკურნალი ექიმი საზღვრავს.

რამდენ ხანს უნდა ვიღებდე D ვიტამინს?

იმისთვის, რომ ორგანიზმმა დანაკლისი აინაზღაუროს, სასურველია D ვიტამინის მიღება ოქტომბრიდან მარტამდე, რადგან ამ პერიოდში, მით უმეტეს, პანდემიის გამო ჩაკეტილ მოსახლეობას მზის სხივები არ ჰყოფნის, მზე კი D ვიტამინის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ხოლო მათ, ვისაც ანალიზების მიხედვით მწვავე დეფიციტი აქვს, ექიმი განუსაზღვრავს, რამდენი ხნის განმავლობაში რა დოზა უნდა მიიღოს.

რა დრო უნდა დავყოთ მზეზე, რომ ბუნებრივად გამომუშავდეს D ვიტამინი?

მზის სხივების ქვეშ 10-20-წუთიანი ყოფნა არის საკმარისი, რომ ორგანიზმში დაახლოებით 5000 საერთაშორისო ერთეული წარმოიქმნას და 30-40 დღის განმავლობაში დარჩეს ჩვენს ორგანიზმში, მაშინ როცა აბებით მიღებული D ვიტამინის მარაგი სამ კვირაში აღარ გვაქვს.

მნიშვნელოვანია მზის ექსპოზიციაც. შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი: მზეზე დადგომისას თუ ჩრდილი ადამიანის სიმაღლის ნახევარია, მაშინ მზე სწორად ეცემა თქვენ სხეულს. თუკი მზე ისეთ ფაზაშია, რომ ჩრდილი ადამიანის სიმაღლეზე გრძელია, მაშინ ამას ეფექტი არ აქვს. შესაბამისად, საღამოს მზე არ არის ეფექტიანი ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავებისთვის.

იმისთვის, რომ D ვიტამინი გამომუშავდეს, კანი ოდნავ უნდა შეწითლდეს. ასე რომ, თუკი ზამთრის პერიოდში სადმე - აივანზე, ეზოში, ფანჯარაში, ქუჩაში - მზის სხივებს წააწყდებით, მიეფიცხეთ 10-20 წუთი მაინც.

როგორ ამოვიცნო D ვიტამინის დეფიციტი?

D ვიტამინის დეფიციტის ირიბი სიმპტომები უფრო მეტად უკავშირდება კალციუმის შეუთვისებლობას. ამიტომ არაპირდაპირი კლინიკური ნიშნებია:

  • ძვალ-სახსროვანი დისკომფორტი, ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი (ბავშვებში ჩონჩხის დეფორმაციები, მოტეხილობები)
  • თმის ცვენა
  • დეპრესია, ბალანსირების პრობლემა, თავბრუხვევა
  • ოფლიანობა
  • ხშირი ავადობა

D ვიტამინის დეფიციტის განსაზღვრა ხდება ლაბორატორიულად. თუ სისხლში D ვიტამინის კონცენტრაცია არის 10 ნგ/მლ, ეს არის მწვავე დეფიციტი.

10-20 ნგ/მლ განიხილება როგორც დეფიციტი.

20-30 ნგ/მლ-მდე არის არასაკმარისობა.

30+ ნანოგრამი მილილიტრზე არის ნორმა.

რა ხდება, თუ გადავაჭარბეთ D ვიტამინის დოზას?

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ორგანიზმი ზედმეტ კალციუმს იწოვს. შესაბამისად, შეიძლება დაზიანდეს თირკმლები, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, უარყოფითად მოქმედებს იმუნური სისტემის მთავარი ორგანოს, თიმუსის, ფუნქციობაზე და, საზოგადოდ, იმუნიტეტზე.

რა ღირს D ვიტამინი

ერთი კოლოფი D ვიტამინის ფასი, სხვადასხვა მწარმოებლის მიხედვით, 20 ლარიდან 70 ლარამდე მერყეობს. მედიკამენტის შეძენა შესაძლებელია ტაბლეტის, წვეთების და, ასევე, აეროზოლის სახით.

რა ღირს სისხლში D ვიტამინის განსაზღვრა - ანალიზი

პროფილაქტიკის მიზნით ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები არ ანაზღაურებენ ამ ანალიზს. შესაბამისად, მსურველებს კლინიკების მიხედვით 50-100 ლარამდე დაუჯდებათ მსგავსი კვლევის ჩატარება, ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, აჯობებს ექიმის კონსულტაციით იხელმძღვანელოს მისთვის უვნებელი დოზის განსასაზღვრად.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG