Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთად ჩვენ შევძლებთ დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას მთელ მსოფლიოში“ - გახარიამ ბაიდენს მისალოცი წერილი გაუგზავნა


„ნოემბერში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, ამერიკელმა ხალხმა ნდობა გამოგიცხადათ თქვენ, როგორც ლიდერს, და თქვენს ხედვას ამერიკული იდეალების ხორცშესხმასთან დაკავშირებით როგორც შინ, ისე მთელ მსოფლიოში. ამ ისტორიულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკული დემოკრატიის და ინსტიტუტების სიძლიერე და სიმტკიცე“ - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ის ახალი პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში.

21 იანვრით დათარიღებული წერილი აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის პრეზიდენტს წერს, რომ ამერიკის „ერთგული მოკავშირე“ საქართველო იზიარებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ერთგულებას „გლობალური ალიანსების განმტკიცების მიმართ“.

პრემიერი აღნიშნავს ასევე, რომ ორ ერს შორის „მტკიცე პარტნიორობის ფესვები ემყარება საერთო ღირებულებებს და თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას“ და რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე“.

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს მადლობას უხდის ორი ქვეყნის „პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის“ და ასევე წერს, რომ საქართველოში კარგად ახსოვთ ჯო ბაიდენის მხარდაჭერა.

„ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება თქვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თქვენი ფასდაუდებელი დახმარება ჩვენი უახლესი ისტორიის უმძიმეს მომენტებში.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება, ყოველთვის მხარში დაუდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც თავის ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და პარტნიორს. ერთად ჩვენ შევძლებთ დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას მთელ მსოფლიოში“ - წერს საქართველოს პრემიერი აშშ-ს ახალ პრეზიდენტს და აღნიშნავს ასევე, რომ საქართველომ, როგორც „საიმედო მხარემ“ დაიმკვიდრა ადგილი გლობალური უსაფრთხოების დაცვის საქმეში და ქვეყნის მიზანია მეტის გაკეთება ნატოში ინტეგრაციის პროცესის გასაღრმავებლად.

„მომდევნო წლებში ჩვენი მიზანია საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება. ბუნებრივია, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება წარმოადგენს წარმატების ქვაკუთხედს ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მტკიცე კავშირების უზრუნველყოფისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მადლობას ვუხდით აშშ-ს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე ვაფასებთ თქვენი ლიდერობით გაწეულ ძალისხმევას ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ გაგრძელების უზრუნველსაყოფად, რაც ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებების ხორცშესხმას ნატოს სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით“ - წერს გიორგი გახარია ჯო ბაიდენს.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „ამერიკა ყოველთვის ასრულებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში“ და საქართველოში მოუთმენლად ელიან თანამშრომლობის გაღრმავებას ამ მიმართულებით. პრემერი წერს, რომ "ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულად ინტეგრირებული ძლიერი, უნარიანი საქართველო განამტკიცებს მშვიდობას და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ".

წერილის ბოლოს გიორგი გახარია გამოხატავს იმედს, რომ უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა "თანამშრომლობის ახალი გზების დასახვის მიზნით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG