Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირანია


ავტორი: ამირან კაპანაძე

ტირანია - ამ სიტყვის გაფიქრებაზე ყველას დესპოტიზმი, რისხვა, ძალადობა და რეპრესიები ახსენდება. თუმცა, იგი ბერძნული წარმოშობისაა და უბრალოდ ერთმმართველობას ნიშნავს, რაც პირველ დემოკრატიაში ძალიან სამარცხვინოდ ითვლებოდა.

იმის გამო, რომ კრიზისულ სიტუაციებში თავისუფალ საზოგადოებას ერთ მუშტად შეკვრა და ძალების მაქსიმალურად ერთ წერტილში თავმოყრა სჭირდებოდა - აუცილებელი გახდა სტრატეგოსების არსებობა. მარტივად რომ ვთქვათ: თავისუფალი ხალხი დროებით ირჩევდა იმ ნდობით აღჭურვილ პირს, რომელსაც თავიანთ რესურსებს და სიცოცხლესაც კი ანდობდა.

ანტიკურ დემოკრატიას სამყაროს შემეცნების მოდელი განსხვავებული ჰქონდა და ღმერთების სამყარო ერთგვარ მონარქიად ჰქონდათ წარმოდგენილი, რაც რა თქმა უნდა წინაღმდეგობაში მოდიოდა პოლიტიკური სისტემის მოდელთან. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წარმართულ მოდელში, ღმერთებს საბჭოს მსგავსი რამ გააჩნდათ და კომპეტენციებიც კი ჰქონდათ გადანაწილებული. ეს სტიქიების ან აზროვნების სფეროების მართვით გამოიხატებოდა. თუმცა ცალსახაა ის, რომ ლეგიტიმაცია მათ იერარქიულად - ზევიდან ქვევით ებოძებოდათ, რაც ერთპიროვნული მმართველობის ცალკეული ფორმაა.

მე-4 საუკუნეში პოლითეისტური უნიტარული მოდელი წარმართულ სამყაროში მოძველებულად მიიჩნიეს და ახალი მონოთეისტური სამყაროს აგებულება შესთავაზეს ცივილიზაციას. ბერძნულ-რომაული ცივილიზაციისთვის მანამდე ცნობილი პარადიგმა, რომლის მიხედვითაც ზევსის (იუპიტერის) დელეგირებით ეძლეოდა ცალკეულ მოკვდავებს ძალა იმისთვის, რომ შემოებრუნათ მოვლენები - ახლა უკვე ერთ არსში გაერთიანდა. იუდეის პროვინციაში დაბადებული რელიგიური მოძრაობა კანონიკურ ჩარჩოში მოაქციეს და ისეთ პოლიტიკურ იდეოლოგიად გარდაქმნეს, რომლის მიხედვითაც ქრისტე იქცა მხოლოდ შობილ ძედ ღვთისად და ერთადერთ უცოდველ არსებად. რაც შეეხება ჩვეულებრივ მოკვდავებს, მათ ყოველთვის უნდა ხსომოდათ ის, რომ ისინი ცოდვილნი და ღვთის მონიტორინგის სამსახურისგან გაკონტროლებულნი არიან, რადგან იქ, ზევით, მისგან გაფიქრებული ზრახვანიც კი იციან.

ახლა იკითხავთ თუ რა კავშირი აქვს ამას ტირანისათან და გეტყვით, რომ სწორედ ასე მოხდა იმ წარმართული ღმერთის რეფორმა, რომელსაც მუდმივი კონტროლის მანია აქვს. თუ დღეს არ მოგეზღვათ მისი კანონის დარღვევებისთვის - არ ნიშნავს იმას, რომ მას დაუძვერით. ნებისმიერ დროს ამოგიღებთ ჩანაწერს და გაგამწესებთ დაუსრულებელ სატანჯველში. იგულისხმება იდეა, რომლის მიხედვითაც ადამიანები წუთისოფელში ერთგვარ პრობაციაზე არიან, მუდმივი სასჯელის მოლოდინში საკუთარი ქმედებების გამო. მარტივად რომ ვთქვათ: რასაც სახელმწიფო ვერ მოგვკითხავს პოზიტიური სამართლის აღსრულების პროცესში, ამას აუცილებლად შესძლებს სამყაროს მთავარი კონსტრუქტორი.

ტირანის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ის ყველაზე მაღლა დგას, მუდმივად ადევნებს თვალ-ყურს უმსგავსოებას და რაც მავარია, მზადაა დასაჯოს ნებისმიერი მეთოდით, დაიმორჩილოს ყველა და დათესოს უნდობლობა. მისთვის ყველა ინდივიდი გარყვნილი და უმსგავსოა იმდენად, რომ თუ თავისუფლად მიუშვებ - აუცილებლად ერთმანეთის განადგურებით დაკავდებიან და რომ არა მისი კონტროლი, სამყაროში ქაოსი დაისადგურებს. როდესაც კონტროლი მთავარი ამოცანა ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ნდობის ყველა რესურსი ამოწურულია და თავად სუვერენი უნდა იყოს ფრთხილად.

ის ტახტზე ზის, მის წინ კი მცველები დგანან, ზურგს ციტადელის კედლები უმაგრებს და უამრავი ბარიერი სჭირდება იმისთვის, რომ საეჭვონი დისტანციაზე ჰყავდეს. ეჭვიანობა ყველაზე და ყველაფერზე მისი მთავარი მოვალეობაა და ყველა ინდივიდშიც იმავეს თესავს. მისი სამფლობელოს ყველა ინდივიდმა უნდა იცოდეს რომ ის მარტოა და ვერსად იპოვის დასაყრდენს, გარდა ტირანიის ერთგულებისა. ჰეგემონიისთვის აუცილებელია ყველას სჯეროდეს, რომ მტრულ გარემოში ცხოვრობს და მისი უახლოესი გარემოცვაც კი შეიძლება მწვალებელი და თავის აზრებში ცოდვილი აღმოჩნდეს.

ალბათ იმასაც შემახსენებთ რომ იოსებ ბესარიონის ძე სულაც არ იყო ამ რელიგიური კონტრუქციონიზმის აპოლოგეტი. თუმცა, რატომღაც აბსოლუტური სიზუსტით გაიმეორა ყველა ნეგატიური პარადიგმა რაც შუა საუკუნეებში შეგნებულად ინერგებოდა იმპერიალიზმის მშენებლობისთვის. სოციალური თანასწორობის მქადაგებლებმა უეცრად ერთპიროვნული დიქტატის იმდენად მკაფიო პრეცენდენტი შექმნა, რომ ინდივიდუალიზმი ფიქრის დონეზეც კი გააქრო.

რატომღაც ძალიან გვსურს იმის დაჯერება, რომ ეს ტირანია დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და ჩამოიშალა, თუმცა ვერ ვხდებით თუ როგორი რუდუნებით ვინახავთ მას დღემდე, როგორც მენტალურ კონსტრუქციას. ეს მენტალიტეტი კი ყველგანაა: სკოლებში, ოჯახებში, სუფრებზე, სახელმწიფო, სამოქალაქო თუ რელიგიურ ინსტიტუტებში. ცრუ მოლოდინი კი იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ადრე თუ გვიან ვიღაცა უბიწო გვიბოძებს კეთილდღეობას და ვაი მათ, ვინც იმ ერთს უღალატებს.

„მხოლოდ ერთის სიყვარულით, მხოლოდ ერთის ერთგულებით საქართველოს გადარჩენა“ - თითქოს ერთი საარჩევნო კამპანიის ლოზუნგია. თუმცა, კარგად ასახავს იმ საზოგადოებრივ მოლოდინს, რომლისთვისაც ბოლო ათწლეულები კი არა, ალბათ თითქმის ათასწლეული გაილია.

ჩვენი მოლოდინი რომ ადრე თუ გვიან ის ერთი ღირსეული პიროვნება გამოჩნდება, რომელიც ყველას კეთილდღეობას მოგვიტანს - უნივერსალური ქართული პოლიტიკური პროდუქტის ფორმულაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: თუ გსურს ამომრჩევლების აბსოლუტური უმრავლესობის საარჩევნო უბნებზე მობილიზება, მაშინ მათ მხსნელი უნდა შესთავაზო, რომელიც ყველას კეთილდღეობაზე აიღებს პასუხისმგებლობას. თუმცა ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა ესმოდეს წესით რომ თუ ერთ ადამიანს იმ ღმერთის ფუნქციის შესრულებას დავავალებთ, რომელიც ყველაფერს ხედავს და აკონტროლებს სწორედ მაშინ ვიღებთ ტირანიას. სწორედ ყველაფრის გაკონტროლების მცდელობისას იბადება სხვის სივრცეში უხეში ჩარევის პრეცენდენტები, რომელსაც მოჰყვება იმედგაცრუება, რისხვა და უნდობლობა.

ასე იბადება ის სიძულვილის სპირალი, საიდანაც გამოსავალი ნდობის აღდგენა და ინდივიდებისთვის კუთვნილი თავისუფლების მინიჭებაა.მათ კი, ვისაც კვლავ რჩეულების სწამს, წარმოიდგინონ თავი იმ ერთადერთ პიროვნებად, რომელსაც ყველას კეთილდღებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა და სარკეში საკუთარ თავს ჰკითხონ გულწრფელად: „შენ თავი ვინ გგონია?“

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG