Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების „სათანადო აღსრულებისკენ“


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ავრცელებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და აცხადებს, რომ 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაქვეყნა ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის სარჩელზე 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებული კონფლიქტის და მისი შედეგების შესახებ.

ამ გადაწყვეტილებაში, პრეს-სპიკერის განცხადებით, მოცემულია მკაფიო დასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია.

„სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს“, - წერია განცხადებაში.

ევროკავშირი მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას, რისთვისაც ასევე საჭიროა ძალისხმევა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევისა და ადგილზე გადამწყვეტი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

2008 წლის აგვისტოს ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 12 წლის დაწყებული დავა 21 იანვარს დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG