Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მეორედ დამარცხება სტრასბურგში - რა დაადგინა სასამართლომ აგვისტოს ომზე?


სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 21 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე წარდგენილი ბრალდებების ძირითადი ნაწილი. დადასტურდა მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დარღვევასთან, წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასა თუ თავისუფალ მიმოსვლასთან დაკავშირებული ბრალდებები. სასამართლომ არ გაიზიარა განათლების უფლებასთან დაკავშირებული დარღვევა და გვერდი აუარა მე-13 მუხლს, რომელიც ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებას უკავშირდება. სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ დაადასტურა რუსეთის იურისდიქცია და შესაბამისად - პასუხისმგებლობა უფლებათა დარღვევებზე 2008 წლის 8-12 აგვისტოს პერიოდში, რადგან ვერ განსაზღვრა, ვინ ახორციელებდა ომის პერიოდში საომარ ტერიტორიაზე ეფექტიან კონტროლს. სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებას მიესალმებიან უფლებადამცველები. საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.

"მე ვიტყოდი, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვა"

ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც საქმის შესწავლის ფარგლებში სტრასბურგში გამართულ მოსმენაზეც გამოიკითხა, სოფელ თამარაშენის მკვიდრი დათო ძაძამიაა. დედასთან, ვალია აიდარაშვილთან ერთად, მან 2008 წლის აგვისტოში, ცხინვალის იზოლატორის სარდაფში, როგორც თავად ამბობს, "არაერთი ტანჯვით აღსავსე დღე გაატარა".

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დათო და დედამისი 12 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ.

21 იანვარს დათო ძაძამიას ჩვენ ისევ დავუკავშირდით. გვითხრა, რომ იმ საშინელ დღეებს ვერაფერი დაავიწყებს, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაახარა.

„რუსეთის საერთაშორისო ზეწოლაზე კი იძახდნენ, მაგრამ ფაქტია - საბოლოოდ დადგა ის ვერდიქტი, რაც უნდა დამდგარიყო. სიხარულის გრძნობა ნამდვილად მაქვს და ახლა უფრო მჯერა, რომ მოვიგებთ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ ინდივიდუალურ საჩივრებსაც... მე ვიტყოდი, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვა", - გვითხრა ძაძამიამ.

დედა-შვილის ამბავი შედის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ თავმოყრილ 350 ადამიანის ისტორიაში. დარღვევები 53 საჩივარში გაერთიანდა და 2008 წელს ისე გაიგზავნა სტრასბურგში. ამ დარღვევებში მითითებულია, მაგალითად: სიცოცხლის უფლების დარღვევა; წამება; მონური შრომა თუ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფა.

დათო ძაძამიასა და მისი დედის, ვალია აიდარაშვილის ინდივიდუალური საჩივრები სწორედ სახელმწიფოთაშორისი საჩივრის განხილვის დასრულებას ელოდებოდა. სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით, ინდივიდუალური საჩივრები იმავე საქმეზე სახელმწიფოს დავის შემდეგ განიხილება.

არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომა 21 იანვარს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართა და გამოაქვეყნა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სამოქალაქო პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:

  • "სასამართლოს გადაწყვეტილებით, უდავოა ის ფაქტი, რომ 160 ქართველი სამოქალაქო პირი, რომელთა უმრავლესობა საკმაოდ ხნიერი იყო, ხოლო მესამედს ქალები შეადგენდნენ, სამხრეთ ოსეთის ძალებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში ჰყავდათ 2008 წლის დაახლოებით 10 აგვისტოდან 27 აგვისტომდე";
  • "ქართველი სამოქალაქო პირების მონათხრობი იყო თანმიმდევრული და ემთხვეოდა სასამართლოს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას. „საგამოძიებო იზოლატორის“ უფროსმა აღიარა მოწმეების მოსმენის ფარგლებში, რომ „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფი არ იყო გათვლილი მასში ამ რაოდენობის ადამიანის განთავსებისთვის";
  • "ქალები და კაცები გარკვეული დროის განმავლობაში ერთ სივრცეში იყვნენ, არ იყო საკმარისი რაოდენობის საწოლები და არ იყო დაცული ძირითადი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები";
  • "სასამართლოს დასკვნით, გამოიკვეთა ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება (კონვენციის) მე-3 მუხლს - 160 ქართველი სამოქალაქო პირის საპატიმრო პირებთან და მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებით, რამაც მათ მიაყენა უდავო ტანჯვა, რაც აღქმულ იქნა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობად";
  • "ამდენად, დაირღვა (კონვენციის) მე-3 მუხლი და რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია ამ დარღვევის გამო".
  • "მოპასუხე მხარის (რუსეთის) მთავრობის მიხედვით, სამოქალაქო პირები დაკავებული იყვნენ მათსავე უსაფრთხოების მიზნით, რათა აღკვეთილიყო პოტენციური თავდასხმები ოსების მხრიდან, რომლებსაც სურდათ ქართველებზე შურისძიება ცხინვალზე შეტევის გამო. ეს გასასამართლებელი არგუმენტი, რომელიც ამასთან, ფაქტობრივად სადავო იყო, არ იქნა მიღებული დაკავების საფუძვლად. გარდა ამისა, დაკავებულები არ იყვნენ ინფორმირებული დაკავების მიზეზების შესახებ“.

რა დაადასტურა და რა არა

დიდმა პალატამ საქართველოს საჩივარში ჩამოთვლილი მუხლებიდან დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:

  • -2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) - პროცედურული ნაწილი,
  • მე-3 მუხლი წამების, რაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა);
  • მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება);
  • მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (გადაადგილების თავისუფლება);
  • მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება);
  • 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი (საკუთრების დაცვა).

დამატებით, სასამართლოს ინიციატივით დადასტურდა ასევე კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა არ ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან.

საქართველოს საჩივარში საუბარი იყო კიდევ ორ მოთხოვნაზე, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა:

  • განათლების უფლება (1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
  • ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება (მე-13 მუხლი).

განათლების უფლებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები დარღვევის დასადასტურებლად; ხოლო მე-13 მუხლის შემთხვევაში, სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა მისი ცალკე განხილვა.

რუსეთის იურისდიქცია ომის ცხელ ფაზაში

დიდი პალატის გადაწყვეტილებაში არის კიდევ ერთი პასაჟი, რომელიც რუსეთის იურისდიქციის საკითხს უკავშირდება.

გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:

„ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-12 აგვისტო, 2008 წელი) განვითარებული მოვლენები არ ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში ევროპული კონვენციის 1 მუხლის შესაბამისად.

16 ხმით ერთის წინააღმდეგ (სასამართლომ) დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განვითარებული მოვლენები (12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ) მოექცა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში“.

რას ნიშნავს ეს?

„სასამართლომ განმარტა, რომ 8-12 აგვისტოს პერიოდში ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ დაპირისპირებას მხარეთა სამხედრო ძალებს შორის, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა კონტროლის დამყარება კონკრეტულ ტერიტორიაზე.

სასამართლო ამბობს, რომ რადგან სწორედ კონტროლის დასამყარებლად მიდიოდა დაპირისპირება მხარეებს შორის, ამიტომ გამოირიცხება ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე რომელიმე მხარის ეფექტური კონტროლის არსებობა. ამიტომ არ დაადგინა სასამართლომ რუსეთის იურისდიქცია ამ პერიოდის განმავლობაში“, - გვეუბნება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ნინო ჯომარჯიძე.

შესაბამისად, მისი თქმით, რუსეთს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა 8-12 აგვისტოს მომხდარ დანაშაულებზე. სწორედ გადაწყვეტილების ამ ნაწილმა გამოიწვია რუსეთის ხელისუფალთა კმაყოფილება და გარკვეულწილად სადავო საკითხად იქცა საქართველოშიც.

ნინო ჯომარჯიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიდ გამარჯვებად მიიჩნევს, რადგან დადასტურებულია საქართველოს სარჩელში ასახული ძირითადი ბრალდებები.

საია მნიშვნელოვნად თვლის იმ ფაქტსაც, რომ სტრასბურგის სასამართლომ მე-3 მუხლის გარდა, კიდევ რამდენიმე მუხლთან მიმართებით დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა, ანუ დანაშაულებათა სისტემური ხასიათი.

„სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობას კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პირების მკვლელობა, ქართულ სოფლებში სახლების გადაწვა და გაძარცვა ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენას და რუსეთის ოფიციალურ შემწყნარებლობას ამ აქტების მიმართ.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსხვერპლების მიმართ ჩადენილი ქმედებები, მათი სერიოზულობის გათვალისწინებით, კვალიფიცირდება როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და აღნიშნული პირები ამ ქმედებას დაექვემდებარნენ მათი ეთნიკურობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის და საკუთრების უფლების დარღვევა“, - ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.

სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისათვის.

შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ...

ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

„ეთნიკური წმენდა“ სასამართლოს მიერ 21 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის ცალკე მოხსენიებული. თუმცა, როგორც ნინო ჯომარჯიძე განმარტავს, სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულთა ეთნიკურობას ხაზი გაუსვა არაერთ მუხლთან მიმართებით და მაგალითად - „სიცოცხლის უფლების დარღვევასთან, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობასთან, საკუთრების უფლების დარღვევასთან თუ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევასთან მიმართებით“.

კომპენსაცია

დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს საკითხი ცალკე უნდა განიხილოს. 21 იანვარს გამოცხადდა, რომ მხარეებს პოზიციების წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვთ.

ასე იყო დეპორტირებულებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთთან მოგებული პირველი საქმის დროსაც.

  • 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმის სახელმწიფოთაშორის საჩივარზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2014 წელს გამოაცხადა;
  • 10 მილიონი ევროს გადახდა რუსეთის ფედერაციას 2019 წლის იანვარში დაეკისრა.

სახელმწიფოთაშორისი საქმის ფარგლებში რუსეთს ეს დაკისრებული თანხა ჯერ ისევ არ გადაუხდია.

სამაგიეროდ, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, კომპენსაცია უკვე მიიღეს იმ დაზარალებულებმა, რომლებმაც ასევე დეპორტირებულთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ინდივიდუალური საჩივრებით მიმართეს.

დეპორტირებულთა ინდივიდუალურ საჩივრებზე სასამართლოს გადაწყვეტილება 2016 წელს გამოცხადდა; ხოლო მათი კომპენსაციის საკითხი 2019 წლის მარტში გადაწყდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG