Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის პოლიციამ დაშალა "ლოკდაუნის" მოწინააღმდეგეთა აქციები


ნიდერლანდის პოლიციამ სპეციალური საშუალებებით დაშალა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოწინააღდეგეთა საპროტესტო გამოსვლები და სულ მცირე 240 ადამიანი დააკავა.

ამსტერდამში, ეინდჰოვენსა და სხვა ქალაქებში აქციები კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც უკვე არსებულ შეზღუდვებს დაემატა ე.წ. კომენდანტის საათი 21:00-დან 04:30 საათამდე. მისი დარღვევისთვის ჯარიმა 95 ევროა.

ნიდერლანდის მედიასაშუალებების და BBC-ის ინფორმაციით, ქალაქ ეინდჰოვენში დემონსტრანტების ნაწილმა მაღაზიები გაძარცვა და ვიტრინები ჩაამსხვრია. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სპეცსაშუალებებით დაშალეს აქცია ამსტერდამშიც, სადაც დემონსტრანტების ნაწილი პოლიციას ქვებს და პეტარდებს ესროდა. ქალაქ ურკში აქციის მონაწილეებმა დაწვეს კორონავირუსზე ტესტირების ცენტრი.

ნიდერლანდის სამეფოში გასული წლის ოქტომბერში დაკეტეს რესტორნები და ბარები. დეკემბერში დაიხურა სკოლები და არასასურსათო მაღაზიები. ამ შეზღუდვებს იანვრიდან დაემატა ე.წ. კომენდანტის საათი.

ნიდერლანდში, რომლის მოსახლეობა 17 მილიონზე მეტია, კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 949 000-მდე ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 500-ზე მეტი. ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატება ოქტომბრიდან დაიწყო და პიკს მიაღწია დეკემბრის ბოლოს, როცა 24 საათში 13 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ათი დღეა ყოველდღიური მაჩვენებელი 4 ათასიდან 6 ათასამდე მერყეობს.

კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ნიდერლანდის სამეფომ დროებით აკრძალა ავიამიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG