Accessibility links

site logo site logo

NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ მთავრობამ კარგად მართა პანდემია


კითხვაზე, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, 60% მიიჩნევს, რომ კარგად, 33% ფიქრობს, რომ ცუდად და 7%-მა არ იცის.

მათგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 87%-ს მიაჩნია, რომ მთავრობა კარგად გაუმკლავდა პანდემიას, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერების მხოლოდ 33% ფიქრობს ასევე. მათი 52%, ვინც არ ასახელებს, რომელი პარტიის მხარდამჭერია, თვლის, რომ ხელისუფლებამ პანდემია კარგად მართა.

რაც შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, 33%-ის აზრით, ყველაზე ცუდი უკან დარჩა. 39% თვლის, რომ „ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის“, 6% მიიჩნევს, რომ „კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას“.

გამოკითხულთა 46% ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად მედიკამენტების ფასს ასახელებს. 25% - პანდემიით განპირობებულ სხვა გამოწვევებს. 16%-ისთვის პრობლემაა საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა პანდემიის პირობებში. 14% კი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად.

NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევისთვის გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“(CRRC) საქართველოს მასშტაბით ტელეფონით გამოკითხა 2 053 სრულწლოვანი მოქალაქე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG