Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საესკადრო ნაღმოსანმა „დონალდ კუკმა“ შავ ზღვაში ნატოს სამხედრო მანევრებში მიიღო მონაწილეობა


ფოტო არქივიდან: "დონალდ კუკი" ბათუმის პორტში
ფოტო არქივიდან: "დონალდ კუკი" ბათუმის პორტში

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა და ნატოს საჰაერო ძალების სარდლობამ 2021 წლის პირველი ერთობლივი წვრთნა გამართეს შავ ზღვაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანმა ხომალდმა „დონალდ კუკმა“. ამის შესახებ აშშ-ის მეექვსე ფლოტის სარდლობა იუწყება.

ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემის გარდა, ერთობლივ წვრთნაში მონაწილეობდნენ ასევე იტალიისა და გერმანიის სამხედრო თვითმფრინავები.


„ინტეგრირებული საზღვაო ოპერაცია წარმოაჩენს ჩვენს შესაძლებლობებს, სამხედრო მოქმედებების ყველა დონეზე თანაბრად უზრუნველვყოთ მრავალდონიანი თავდაცვა. ჩვენ მოქმედება გვიხდება უსაფრთხოების წარმოუდგნელად რთულ გარემოში, რომელიც მოითხოვს მაღალი დონის თანამშრომლობას და სიმტკიცეს რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში“, - განაცხადა აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდალმა, ვიცე-ადმირალმა, ჯინ ბლეკმა.

სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი, „დონალდ კუკი“, ბოლო წლებში არაერთხელ იმყოფებოდა შავ ზღვაში საწვრთნელი მისიით.
ბოლოს „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში გასული წლის ნოემბრის ბოლოს მონაწილეობდა მრავალეროვნულ მანევრებში.

„დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის პორტში იმყოფებოდა 2019 წლის იანვარში.

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის ცნობაში მითითებულია, რომ შავი ზღვა წარმოადგენს საზღვაო ვაჭრობისა და მთელი ევროპის სტაბილურობისათვის მნიშვნელოვან მარშრუტს.
ამერიკული გემები შავ ზღვაში რეგულარულად პატრულირებენ ნატოელი მოკავშირეების და პარტნიორების - თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG