Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატა სენატს ტრამპის იმპიჩმენტის საქმეს გადასცემს


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სენატს, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, გადასცემს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეს. პალატამ 13 იანვარს დაადანაშაულა ტრამპი „არეულობებისკენ წაქეზებაში“ და ხმათა უმრავლესობით იმპიჩმენტი გამოუცხადა, რასაც 232 წარმომადგენელი მიემხრო, ხოლო 197 იყო წინააღმდეგი. სენატში საქმის გადაცემა 25 იანვრისთვისაა დაგეგმილი. ეს იქნება იშვიათი აქტი ბრალმდებლების მხრიდან, რომლებიც შეეცდებიან მიიმხრონ სენატის რესპუბლიკელი წევრები, რომ ხმა მისცეს ტრამპისთვის უნდობლობის გამოცხადებას და აუკრძალონ მას მომავალში თანამდებობის დაკავება.

საჭიროა სულ მცირე 17 სენატორი, რომლებიც შეუერთდებიან დემოკრატებს, რათა ტრამპს ბრალდება დაუმტკიცონ. ამ რაოდენობის მომხრის მოპოვებას სენატორებს შორის ბევრი სათუოდ მიიჩნევს.

რესპუბლიკელმა სენატორებმა დემოკრატებს მიმართეს, თებერვლის შუა რიცხვებამდე გადადონ კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატის მიერ დონალდ ტრამპისთვის გამოცხადებულ იმპიჩმენტზე.

სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა ადრე განაცხადა, რომ მხარეებს პროცედურისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო უნდა ჰქონდეთ. მაკკონელმა დემოკრატების ლიდერის, ჩარლზ შუმერისთვის გაგზავნილ წერილში გამოთქვა სურვილი, რომ წარმომადგენელთა პალატამ ტრამპისთვის წარდგენილი ბრალდება სენატს 28 იანვრისთვის გადასცეს და ამის შემდეგ, ექსპრეზიდენტს მიეცეს ორი კვირა დაცვის პოზიციის მოსამზადებლად.

უნდობლობის გამოცხადებას წინ უძღოდა ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენები, როცა ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობებისას 5 ადამიანი დაიღუპა. დემოკრატები მიიჩნევენ, რომ მომხდარს ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და ხმების დაცვის აუცილებლობის შესახებ.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყო. 2019 წელს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს უნდობლობა გამოუცხადა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კონგრესის გამოძიებისთვის ხელისშეშლის ბრალდებით. საქმე ეხებოდა ვერსიას, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის ვაჟის ბიზნესსაქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა პრეზიდენტ ზელენსკისგან და წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას გეგმავდა. პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მაშინ მხარი არ დაუჭირა სენატმა, სადაც 2019 წელს უმრავლესობაში რესპუბლიკელები იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG