Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტინი კოქსი: საქართველოში პოლიტიკური გარემო არჩევნებამდეც დაძაბული იყო და მას შემდეგაც


„პოლიტიკური გარემო საქართველოში დაძაბული იყო არჩევნებამდე, არჩევნების დროს და ახლაც, არჩევნების დასრულების შემდეგ. ჩვენი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისა და ოდირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული”, - თქვა ჰოლანდიელმა დეპუტატმა ტინი კოქსმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დღის წესრიგში შეტანილი იყო საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავდა PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც სწორედ მისიის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა წარადგინა.

„კოვიდის დროს ჩატარებულმა არჩევნებმა არა მარტო თავად მოქალაქეებისთვის გაართულა ხმის მიცემის პროცესი, არამედ ჩვენთვისაც არჩევნებზე დაკვირვება გაართულა. მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ. ჩვენ უარის თქმა მოგვიწია ხმის მიცემის დაწყებამდე მისიის ჩასვლაზე და, საბოლოო ჯამში, დელეგაციის მხოლოდ ნაწილმა მოახერხა საქართველოში ჩასვლა. დელეგაციის პოსტელექტორალური ვიზიტი კი ჯერ გადაიდო, ხოლო შემდეგ - გაუქმდა.

ამომრჩევლებზე ზეწოლამ და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის წაშლილმა ზღვარმა დააქვეითა საზოგადოების რწმენა საარჩევნო პროცესისადმი და დააზიანა თავად პროცესიც. მმართველი პარტიის დომინირებამ საარჩევნო კომისიებში დააზიანა ამ კომისიებისადმი მოქალაქეთა ნდობა.

სახელმწიფოს უნარი, გაეკონტროლებინა საარჩევნო დაფინანსება, შეზღუდული იყო, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მიერ ოდირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციების არშესრულებაზე”, - თქვა ტინი კოქსმა სიტყვით გამოსვლისას. მისი შეფასებით, საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო „კონკურენტუნარიანი და შედარებით თავისუფალი”. ეს შეფასება თანხვედრაშია ანგარიშის ზოგად დასკვნასთან, სადაც ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებები, საერთო ჯამში, დაცული იყო, თუმცა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის მოშლამ და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაფიო წესების არარსებობამ შეამცირა არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობა.

ტინი კოქსმა სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ იზიარებს კოლეგების მოწოდებებს, რომლებიც ოპოზიციას ურჩევენ, შეწყვიტონ ბოიკოტი და დაიკავონ ადგილები პარლამენტში.

„კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სხვა პარტიებმა გადაწყვიტეს, ბოიკოტი გამოუცხადონ ახალ პარლამენტს, რაც ეწინააღმდეგება თავად არჩევნების არსს, რაც ნიშნავს ამომრჩევლის წარმომადგენლობას პარლამენტში. ჩვენმა თანამომხსენებლებმა უკვე მოუწოდეს მათ, დაიკავონ ადგილები ახალ პარლამენტში, საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის. ჩვენი აზრით, ეს გონივრული რჩევაა, ამიტომ გამოვდივარ მოწოდებით, გადამოწმდეს ყველა საჩივარი, რომელიც ისმოდა საარჩევნო პროცესის მიმართ. მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და ყველა სხვა პარტიას, ჩაერთონ საგნობრივ დიალოგში, რათა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც წინ წამოიწია და რათა გაგრძელდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა“, – თქვა ტინი კოქსმა.

საქართველოში არჩევნების პერიოდში პოლარიზაციის პრობლემაზე ილაპარაკა რუმინელმა დეპუტატმა ტიტუს კორლეციანმა. მან თქვა, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა იმუშაონ პოლარიზებული გარემოს განმუხტვისთვის, მთავრობამ კი სათანადოდ უნდა გამოიძიოს ყველა ინციდენტი და პრობლემა, რომელიც არჩევნების დროს გამოიკვეთა.

„არჩევნები მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის შემდეგ ჩატარდა. პროპორციული სისტემა 2024 წელს ამოქმედდება, თუმცა პირველი ნაბიჯი 2020 გადაიდგა, რასაც მივესალმებით. როგორც მომხსენებელმა კოქსმა თქვა, ეს არჩევნები ზოგადად იყო თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ აქვე უნდა აღნიშნოს, რომ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც შესაბამის რეაქციას და მათ გადაწყვეტას მოითხოვს. ბატონი კოქსის ნათქვამს ჩემი მხრიდან დავამატებ ისეთ პრობლემურ საკითხს, როგორიც პოლარიზაციაა. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, რათა იმუშაონ ამ პოლარიზაციის შესამცირებლად.

პირველ რიგში მოვუწოდებ მთავრობას, რათა სათანადოდ იქნეს გამოძიებული ყველა ინციდენტი და პრობლემა, რომელიც არჩევნებისას გამოიკვეთა, რისი რეკომენდაციაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გასცეს“, - თქვა რუმინელმა დეპუტატმა და დასძინა, რომ ისიც კოლეგების მსგავსად მიესალმება, თუკი ოპოზციცია შევა პარლამენტში.

„ოპოზიციას მიმართ განვაახლებ ჩვენს მიმართვას პარლამენტში შესვლის თაობაზე. სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა მიმდინარეობდეს დებატები დემოკრატიულ საკითხებსა და მოქალაქეთა ყოფის გაუმჯობესებაზე.

და ბოლოს, ჩვენ ვაპირებთ დავბრუნდეთ საქართველოში და გავაგრძელოთ მუშაობა როგორც მთავრობასთან, ისე ოპოზიციასთან, რათა გამოსწორდეს სიტუაცია და გაგრძელდეს რეფორმები“, - ასეთი იყო ტიტუს კორლეციანის პოზიცია.

ამავე სხდომაზე ქართველმა დეპუტატმა, კახა კუჭავამ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გამოასწოროს კოქსის მისიის გამოვლენილი ნაკლი, მათ შორის, საარჩევნო დაფინანსების საკითხი.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ ბატონი კოქსის ანგარიშს და ვადასტურებთ მზადყოფნას, რათა ადეკვატურად მოვახდინოთ რეაგირება იმ ხარვეზებზე, რომელიც მისიის მიერ იქნა იდენტიფიცირებული. მათ შორის, ყურადღება იქნა გამახვილებული საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და საერთაშორისო მონიტორების ინტერესის საგანია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ველოდებით მათგან კონკრეტული რეკომენდაციების მიღებას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აგრძელებენ მოწოდებას ქართული ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ; ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უარს არ იტყვიან საპარლამენტო მანდატებზე, რომელიც მათ 800,000-მა ამომრჩეველმა მისცა და დემოკრატიულ პროცესებს ქუჩიდან პარლამენტში გადაიტანენ. იმიტომ რომ, ამ დრომდე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ან საფუძველი, რაზე დაყრდნობითაც არჩევნების შედეგები შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს”, - თქვა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG