Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება" გეგმავს ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერის წარდგენის პროცედურის გამარტივებას


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ილაპარაკა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს, 25 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე. თუკი რეგლამენტის მოქმედი რედაქციით ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერის არჩევა მხოლოდ ფრაქციების (ფრაქციის შექმნა არანაკლებ შვიდ დეპუტატს შეუძლია) წარდგინებით არის შესაძლებელი, შესწორების შემდეგ ამას უფრაქციო დეპუტატებიც შეძლებენ.

როგორც მდინარაძე ამბობს, „ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია ოპოზიციურ პარტიებს მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა, რათა ისინი სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. შესაბამისად, მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რეგლამენტში შევა ცვლილებები რომლის მიხედვით, ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები.

მდინარაძემ, ასევე, ილაპარაკა „ევროპელ სოციალისტებთან" და ალექსანდრე ელისაშვილთან შეხვედრის შესახებ.

„ამავდროულად, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეეძლებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო 15 წუთამდე გაეზრდებათ. ამასთან დაკავშირებით „ევროპელ სოციალისტებს" ჰქონდათ გარკვეული წინადადება, ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დრო გამოსვლებისთვის 15 წუთით განესაზღვროთ“, - თქვა მდინარაძემ.

ოპოზიციიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის შესახებ განცხადებებით პარლამენტის თავმჯდომარისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეების“ წევრებს ალექსანდრე ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს.

„პატრიოტთა ალიანსიდან" ​ადგილმონაცვლის პრინციპით პარლამენტის წევრები გახდნენ: ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე. სიის მე-4 ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ კი დეპუტატის მანდატი შეინარჩუნა. მათ ახალი პარტია „ევროპელი სოციალისტები" დააფუძნეს.

პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის 51 დეპუტატის მანდატების შეწყვეტაზე 2 თებერვალს იმსჯელებენ.

„გირჩის“ პარტიული სიით არჩეული დეპუტატებიდან კი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დატოვების შესახებ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერჯერობით მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG