Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატმა ენტონი ბლინკენი დაამტკიცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სენატმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ვეტერანი დიპლომატი, ენტონი ბლინკენი დაამტკიცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე. მისმა კანდიდატურამ 100-კაციან სენატში ორივე პარტიის წარმომადგენელთა მხარდაჭერა მოიპოვა.

იგი სახელმწიფო მდივნის პოსტზე შეცვლის მაიკ პომპეოს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავრობის ყველაზე სტაჟიან წევრს.

ბლინკენი, დიდი ხანია, აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის ნდობით აღჭურვილი პირია, რადგან მათ ახლო თანამშრომლობა უწევდათ 2002-2008 წლებში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და შემდეგაც, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ობამას ადმინისტრაციაში, როცა მომავალი სახელმწიფო მდივანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იყო.


ჯო ბაიდენის მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ საგარეო ურთიერთობები აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია.

ბლინკენმა ახალგაზრდობაში არაერთი წელი გაატარა პარიზში, თავისუფლად ფლობს ფრანგულ ენას და ინტერნაციონალისტია, რაც წინა ადმინისტრაციის ლოზუნგთან, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, თანხვედრაში არ მოდის.

ენტონი ბლინკენი მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს გაფართოებას. 19 იანვარს სენატში გამართული მოსმენის დროს ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი კვლავინდებურად ემხრობა ნატოს გაფართოებას და მის რიგებში საქართველოს მიღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG