Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის ძმა დაკავებულია


ოლეგ ნავალნი
ოლეგ ნავალნი

პოლიციამ მოსკოვში დააკავა ოპოზიციონერი ლიდერის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებლის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი და ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი. გვიან ღამით ისინი 48 საათით გადაიყვანეს წინასწარი მოთავსების იზოლატორში.

ოლეგ ნავალნი და ლიუბოვ სობოლი ეჭვმიტანილები არიან სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის საქმეზე, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად 23 იანვარს გამართული აქციების შემდეგ. 27 იანვარს პოლიციის და საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა სულ მცირე 15 ჩხრეკა ჩაატარეს. მათ შორის ალექსეი ნავალნის ბინაში, სადაც მისი უმცროსი ძმა, ოლეგი იმყოფებოდა. მან კარი არ გააღო, ამიტომ პოლიციამ კარი შეამტვრია.

23 იანვარს, რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები. ხელისუფლებამ აქციების ჩატარების ნებართვა არ გასცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების საბაბით. პოლიციამ აქციები ძალის გამოყენებით დაშალა და 3500-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

საგამოძიებო კომიტეტმა 20-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა პოლიციის მიმართ ძალადობის, ხულიგნობის, მასობრივი არეულობებისკენ მოწოდების, უკანონო საქმიანობაში არასრულწლოვანთა ჩართვის და სანიტარიული წესების დარღვევის მუხლებით.

ალექსეი ნავალნის შტაბის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები 31 იანვარს გაგრძელდება.

რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, მეორე დღეს კი სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ყალბია.

ალექსეი ნავალნის დაკავება დაგმეს დასავლეთის სახელმწიფოებმა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG