Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს მთავრობა მსჯელობს ახალი სამინისტროს შექმნაზე


საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნის საკითხს. მინისტრთა კაბინეტის სხდომის დღის წესრიგშია კანონპროექტი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში" ცვლილების შეტანის შესახებ.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად, განათლების სამინისტროსგან უნდა გამოიყოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო:

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე, როგორც თანამედროვე ხელოვნება არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად და რა თქმა უნდა, ცალკე სამინისტროს, ისევე, როგორც სპორტის მიმართულებით - განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებს - იმსახურებს“.

გახარიას თანახმად, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით ფუნქციონირებს, გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი.

ვინ დაიკავებს ახალი სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას, ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში 2018 წელს გაუქმდა კულტურის და სპორტის სამინისტრო, ეს ორი სფერო განათლების სამინისტროს გადაეცა და განათლების, მეცნიერების, კულუტურის და სპორტის სამინისტროდ ჩამოყალიბდა. მთავრობამ ეს სტრუქტურული ცვლილება ახსნა "მცირე მთავრობის" კონცეფციით და მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტების საჭიროებით.

ამჟამად საქართველოს მთავრობის სტრუქტურაშია 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG