Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა მოითხოვს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის 30 000 ლარიან გირაოს


პროკურატურამ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესზე 30 ათასი ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

ამასთან დამატებით ღონისძიებად პროკურატურა მოითხოვს მელაშვილისა და ილიჩოვასთვის საზღვრის კვეთის აკრძალვას საგამოძიებო უწყებების გაუფრთხილებლად.

ასევე ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას. მას შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება. პროკურატურა მიიჩნევს რომ არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე „წინარე ქმედებებიდან გამომდინარე“.

"თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ დაგვიჭირეს, ახლა სამსახურშიც აღარ მიგვიღონ, რა დამოკიდებულებაა ეს, ცოტა არ მესმის ეს ყველაფერი. სამსახურში მე ვასრულებ იმას, რასაც ხელმძღვანელობა მავალებს. რა პროკურატურის საქმეა, სამსახურიდან გაშვება. ამას წყვეტს ხელმძღვანელობა და არა პროკურატურა", - თქვა ივერი მელაშვილმა.

ვინაიდან ნატალია ილიჩოვა უკვე გადაყენებული თანადებობიდან, მის სამსახურებრივ შეზღუდვებთან დაკავშირებით პროკურატურას შუამდგომლობა არ დაუყენებია.

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 2020 წლის ოქტომბერი დააკავა. მათ ბრალად ედება „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“ მიმართული ქმედება. გამოძიების თანახმად, ბრალდებულთა მონაწილეობით, საქართველოს საზიანოდ შეთანხმდა აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

დღეს, 28 იანვარს საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავენ ბრალდებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით, რადგან მათი ბრალეულობა დადასტურებულია მტკიცებულებათა საკმაოდ მაღალი სტანდარტით, "მოვისმინეთ აღიარებითი ჩვენება" და ამ ეტაპზე აღარ არსებობს პატიმრობის აუცილებლობა. პროკურორის თანახმად, ახლა გამოძიების აქცენტი გაკეთდება იმ პირების დადგენაზე, ვისი დავალებითაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ.

XS
SM
MD
LG