Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის უცხო ქვეყნების, COVID-19-ზე აცრილ მოქალაქეებს


საქართველოში საჰაერო გზით ჩამოსვლისას არანაირი შეზღუდვა აღარ ექნება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარზე წარმოადგენენ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეს წესი ამოქმედდება 1 თებერვლიდან, რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებასთან ერთად.

რაც შეეხება არავაქცინირებულ უცხოელებს, ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი და საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს გაიკეთონ PCR-ტესტი. შესაბამისად, მათ აღარ ექნებათ თვითიზოლაციის ვალდებულება.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა თხოვნით მიმართავს ავიაკომპანიებს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნების ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი.

დღეს მოქმედი წესით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა საზღვარზე უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც თვითიზოლაციას ექვემდებარება. ტესტირების პასუხის გარეშე ჩამოსულებისთვის სავალდებულოა კარანტინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG