Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ასაჩივრებენ დენიელ პერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის გათავისუფლებას


დენიელ პერლის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი, აჰმედ ომარ საეედ შეიხი
დენიელ პერლის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი, აჰმედ ომარ საეედ შეიხი

პაკისტანის ერთ-ერთი პროვინციის მთავრობამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა და სასამართლოს სთხოვს გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება 2002 წელს, The Wall Street Journal-ის რეპორტიორის, დენიელ პერლის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის გათავისუფლების თაობაზე. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა აშშ-ის და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან.

სინდჰის მთავრობის პროკურორის თქმით, პეტიცია 29 იანვარს შეიტანეს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ორი ხმით ერთის წინააღმდეგ გაამართლეს ბრიტანეთში დაბადებული აჰმედ ომარ საეედ შეიხი. მოსამართლეებმა შეიხის და მასთან ერთად კიდევ სამი ბრალდებულის გათავისუფლების ბრძანება გასცეს.

პერლის ოჯახის ადვოკატის თქმით, საჩივრებს ყოველთვის იგივე მოსამართლეები განიხილავენ, რაც ნიშნავს, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად სავარაუდოა.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის თქმით, აშშ "აღშფოთებულია" ამ გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მას უწოდებს "ტერორიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფას ყველგან".

ლონდონის ეკონომიკის სკოლის ყოფილი სტუდენტი, შეიხი, 2002 წელს დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს ანტიტერორისტულ სასამართლოზე. მასთან ერთად დაპატიმრებულ სამ პირს უვადო პატიმრობა მიესაჯა, პერლის გატაცებასა და სიკვდილში მათი როლის გამო.

გასული წლის აპრილში, დაბალი ინსტანციის სასამართლომ 47 წლის შეიხი მკვლელობაში გაამართლა, მისი განაჩენი შეამცირა გატაცების შესაბამისი სასჯელით, გააუქმა მისთვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი და მისი გათავისუფლების ბრძანება გასცა, პატიმრობაში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყოფნის შემდეგ.

38 წლის დანიელ პერლი The Wall Street Journal-ის სამხრეთ აზიის ბიუროს ხელმძღვანელი იყო და ისლამისტი ექსტრემისტების შესახებ მასალაზე მუშაობდა, როცა 2002 წლის იანვარში ყარაჩიში გაიტაცეს. დაახლოებით ერთ თვეში ყარაჩიში, აშშ-ის საკონსულოში მიიტანეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც პერლისთვის თავის მოჭრის აქტი იყო ასახული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG