Accessibility links

site logo site logo

ISFED-ი ხელახალი გადათვლით ადასტურებს მეტობას საარჩევნო უბნების 8%-ის "პირველად ოქმებში"


არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოქმების რვა პროცენტში დისბალანსი "პარალელური დათვლის" მონაცემების გადამოწმების შემდეგაც აღმოაჩინა. ISFED-მა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სკანდალში გაეხვია, 850 უბნისა და 25 სპეცუბნის პარალელური დათვლის დოკუმენტები ხელახლა შეისწავლა.

„ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა. შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ დღეებში გაასწორა”, - განაცხადეს ორგანიზაციაში 29 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" დოკუმენტების ხელახალი ანალიზის შემდეგ დეტალურად განმარტავს, როგორ შეცვალა საარჩევნო ადმინისტრაციამ პროპორციული არჩევნების ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსი:

  • საარჩევნო უბნების 3,6%-ზე, მეტობით დისბალანსის მქონე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, მონაცემები კენჭისყრის შემდეგ დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცემული შესწორების ოქმებით, ხოლო მომდევნო დღეებში - საოლქო კომისიების განკარგულებებით შეიცვალა;
  • საარჩევნო უბნების 1,3%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, მეტობით დისბალანსის განმარტების ან შესწორების მიზნით არ არის გამოცემული შესწორების ოქმი და/ან განკარგულება; დაწერილია მხოლოდ ახსნა-განმარტება ან მონაცემი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში არის გადასწორებული;
  • საარჩევნო უბნების 1,8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში არსებული "მეტობით დისბალანსი" შესწორდა კენჭისყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმებში ხარვეზებია;
  • საარჩევნო უბნების 0,6%-ზე პროპორციული შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნებზე საეჭვო გარემოებაში შესწორდა. დამკვირვებლის მიერ მიღებული, დამოწმებული ასლის და ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ან შესწორების ოქმების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს;
  • საარჩევნო უბნების 0,7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელი ოქმების "მეტობით დისბალანსი" კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა.

ოქმებში დაზუსტებები და შესწორებები ეფუძნებოდა საარჩევნო კომისიის წევრთა განცხადებებს; მონაცემები საარჩევნო ადმინისტრაციას არ გადაუმოწმებია.

პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ნაკლები ბიულეტენები იყო მითითებული საარჩევნო უბნების 25,8%-ზე, აქედან:

  • საარჩევნო უბნების 2,9%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, სადაც ბიულეტენების ნაკლებობა გამოვლინდა, კენჭისყრის მომდევნო დღეს ან მოგვიანებით საოლქო საარჩევნო კომისიაში შედგენილი შესწორების ოქმებით ან განკარგულებებით შევიდა ცვლილებები. აქედან მხოლოდ ოქმების 1,6%-ში გასწორდა ბალანსი;
  • საარჩევნო უბნების 19,4%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესწორების მიზნით არც შესწორების ოქმი და/ან არც განკარგულება დაუწერიათ;
  • საარჩევნო უბნების 3,5%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმით შესწორდა; აქედან: 1,9%-ზე, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის მონაცემის გათვალისწინებით, პორპორციულ შემაჯამებელ ოქმში ბალანსი კვლავ დარღვეული დარჩა.

გასული წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც "სამართლიანმა არჩევნებმა" პარალელური დათვლის პროცესში დაშვებული უზუსტობა (ბათილი ბიულეტენების მითვლა) აღიარა, "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ორგანიზაციამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, როცა ოქმებში დისბალანსზე საუბრობდა. კობახიძე ორგანიზაციისგან შესაბამისი უბნების დასახელებას ითხოვდა.

„ქართული ოცნება“ მოითხოვს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც, ორგანიზაციის მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის“, - თქვა კობახიძემ 14 დეკემბერს.

"სამართლიანი არჩევნები" დღეს, ოქმების შედეგების გადამოწმების შემდეგ, აცხადებს, რომ მზად არის დაინტერესებულ მხარეებთან დეტალურად განიხილოს ეს საკითხები.

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ორგანიზაციამ საკუთარი "შეცდომებიდან" დასკვნები ვერ გამოიტანა.

"ISFED-ის ეს განცხადება მე ჯერ არ მინახავს. წინასწარ გეტყვით, ერთადერთი მანიპულაცია, რომ ეს თქვან, მიუხედავად იმისა, რაც დაემართათ, არის ის, რომ შესწორების ოქმები არ გაითვალისწინონ. სხვანაირად წარმოუდგენელია... იქვე შესწორების ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ ოპოზიციიის ყველა წარმომადგენელი და "პარალელური დათვლის" მწარმოებლები ესწრებიან და არ გაითვალისწინებენ, იგივე სპეკულაციის საშუალება ექნებათ", - ამბობს მდინარაძე.

ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ საარჩევნო ყუთში მისულ ამომრჩეველზე მეტი რაოდენობის ბიულეტენი ხმების ჩაყრას ნიშნავს. ისინი ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ და ამაზე ასეულობით საჩივარი დაიწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG