Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Johnson & Johnson-ი აცხადებს, რომ მისი ვაქცინა 66 პროცენტითაა ეფექტიანი


კომპანია Johnson & Johnson-ი (J&J) აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მისი ვაქცინა, რომელიც ერთი დოზისგან შედგება, საერთო ანგარიშით 66 პროცენტის ეფექტიანობისაა. ამერიკული კომპანია ამ ცნობას ავრცელებს მესამე, საერთაშორისო საცდელი ფაზის დასრულების შემდეგ, რომელშიც 44 ათასამდე პირი მონაწილეობდა.

როგორც კომპანიამ 29 იანვარს გამოაცხადა, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 72 პროცენტი იყო, თუმცა ეფექტიანობა 57 პროცენტამდე დაეცა სამხრეთ აფრიკაში, სადაც დომინანტური გახდა ვირუსის ახალი, უფრო ინტენსიური გავრცელების უნარის მქონე ვარიანტი.

ვაქცინა 85 პროცენტით ეფექტიანი იყო COVID-19-ის მძიმე შემთხვევების აღკვეთაში ყველა გეოგრაფიულ რეგიონში, ამბობს კომპანია. "ვამაყობთ, რომ ამ მწვერვალს მივაღწიეთ და ჩვენი მზაობა, გავუმკლავდეთ ჯანდაცვის ამ გლობალურ კრიზისს, კვლავაც ძალაში რჩება, ყველასათვის და ყველგან", - აცხადებს Johnson & Johnson-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექს გორსკი.

კომპანია ახლა შეიტანს განაცხადს ვაქცინის სასწრაფო წესით გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად აშშ-ში, სადაც უკვე დამტკიცებულია პრეპარატები, რომლებიც შეიმუშავეს კომპანიებმა Pfizer-BioNTech-მა და Moderna-მ. ამ ორი ვაქცინის ეფექტიანობა 95 პროცენტს უტოლდება, თუმცა ეს შედეგი ეფუძნება ცდებს, რომლებიც ჩატარდა მსოფლიოს ზოგიერთ ადგილას ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებამდე.

J&J-ის ვაქცინას მხოლოდ ერთი დოზის გაკეთება სჭირდება და მისი შენახვა სამი თვის ვადამდე შესაძლებელია 2-8 გრადუსზე ცელსიუსით, რაც მას მნიშვნელოვან ლოგისტიკურ უპირატესობას ანიჭებს Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით.

Johnson & Johnson-ის განცხადებას წინ უსწრებდა კომპანია Novavax-ის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ ბრიტანეთში ჩატარებულ ცდაში მისმა ვაქცინამ 89 პროცენტის ეფექტიანობა აჩვენა.

XS
SM
MD
LG