Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთსა და ჩეხეთში ახალი შეზღუდვები დაწესდა COVID-19-თან დაკავშირებით


საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოგზაურობა აკრძალა. იკრძალება ქვეყანაში შესვლა ქვეყნებიდან, რომლებიც არ შედის ევროკავშირის შემადგენლობაში. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გამონაკლისები წესდება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საფრანგეთში მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ COVID-19-ის უარყოფითი ტესტით.

პრემიერ-მინისტრმა ჟაკ კასტეკსმა დააზუსტა, რომ ქვეყანაში ვრცელდება კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული და სამხრეთაფრიკული შტამები, რომლებიც აქამდე ცნობილ ვარიანტებზე უფრო გადამდებია. სრული თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღება არ იგეგმება, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დახუროს ყველა სავაჭრო ცენტრი და მაღაზია, რომელთა ფართობი 20 კვადრატულ მეტრზე მეტია. გამონაკლისს წარმოადგენს სასურსათო მაღაზიები.

გარდა ამისა, პოლიცია გააძლიერებს კონტროლს კომენდანტის საათის დაცვაზე, რომელიც 18:00-დან 06:00-მდე მოქმედებს.

29 იანვარს საფრანგეთში COVID-19-ის თითქმის 23 ათასი ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 510 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან საფრანგეთში დაავადდა სამ მილიონზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვმა 75,5 ათასს გადააჭარბა.

მსგავსი შეზღუდვები დააწესეს ჩეხეთში. 30 იანვრიდან იკეტება საზღვრები უცხოელებისთვის. გამონაკლისს წარმოადგენენ ისინი, ვისაც აქვს ჩეხეთში სწავლის, მუშაობისა და ცხოვრების უფლება. 21:00-დან 05:00-მდე მოქმედებს კომენდანტის საათი. დაკეტილია ბარები და რესტორნები. ხელისუფლება შეშფოთებულია COVID-19-ის ბრიტანული შტამის გავრცელების გამო.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების რვა ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 74 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება. ამ პერიოდის განმავლობაში 16 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG