Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელების ეროვნული გმირი ტომ მური COVID-19-ით დაავადდა


ბრიტანელი ვეტერანი, 100 წლის ტომ მური COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრიტანული მედიის მიერ „კაპიტან ტომად“ წოდებული ვეტერანის ქალიშვილის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მამას პნევმონიის გამო სახლში მკურნალობდნენ, კორონავირუსი კი წინა კვირას დაუდასტურდა და სუნთქვის გართულების გამო, 31 იანვარს საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია. ტომ მურს აცრა ჯერ გაკეთებული არ აქვს, რადგან ვაქცინასთან შეუთავსებელია პრეპარატები, რომლებსაც პნევმონიის გამო იღებს.

ტომ მური ბრიტანელების ეროვნულ გმირად იქცა მას შემდეგ, რაც 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სისტემისთვის შეაგროვა თითქმის 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

გასული წლის გაზაფხულზე, 100 წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ტომ მურმა, რომელსაც მანამდე ბარძაყის მოტეხილობა ჰქონდა, საქველმოქმედო აქცია წამოიწყო და პირობა დადო, რომ სპეციალური მოწყობილობით თავის ბაღს 100 წრეს შემოუვლიდა. ტომ მურის ვიდეოები Youtube-ზე ქვეყნდებოდა.

ტომ მურს გადაწყვეტილი ჰქონდა მედიკოსებისადმი მადლიერების ნიშნად 1000 გირვანქა სტერლინგის შეგროვება, თუმცა, მისი აქცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ შემოწირულებამ 33 მილიონს გადააჭარბა. 2020 წლის 30 აპრილს, 100 წლის იუბილეზე, ბრიტანეთის არმიამ "კაპიტან ტომს" მიანიჭა პოლკოვნიკის საპატიო წოდება. იმავე წლის ივლისში, დედოფალმა ელისაბედ მეორემ ტომ მური რაინდად აკურთხა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ტომ მური მამაცობის და იმედის სიმბოლოდ იქცა არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.

XS
SM
MD
LG