Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო განიხილავს ნავალნის მოწამვლის საქმეს


ადამიანი უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 1 თებერვალს რუსეთს შეატყობინა, რომ აპირებს განიხილოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ შეტანილი საჩივარი.

ნავალნის იურისტების გუნდი აცხადებს, რომ რუსეთმა მისი სიცოცხლის უფლება დაარღვია, რადგან უარი განაცხადა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე გასული წლის აგვისტოში ნავალნის საბჭოთა პერიოდის ნერვული აგენტით მოწამვლის შესახებ.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე რუსეთში კვლავ გაიმართა დემონსტრაციები ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით.

კორუფციასთან მებრძოლი 44 წლის პოლიტიკოსი 17 იანვარს დააპატიმრეს, როცა მოსკოვში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მას მოწამვლის შემდეგ მკურნალობდნენ. ნავალნი და მისი მომხრეები მის მოწამვლაში კრემლს ადანაშაულებენ, კრემლი ბრალდებას უარყოფს. პოლიციის განყოფილებაში გამართულ სხდომაზე ნავალნის 30 დღით მიუსაჯეს პატიმრობა, სანამ ელოდება კიდევ ერთ განაჩენს იმის შესახებ, დაარღვია თუ არა მან უცხოეთში წასვლით სხვა, პირობითი სასჯელის წესები.

2019 წელს ECHR-მა გამოიტანა განაჩენი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის უფლებები დაარღვია, 2014 წლის საქმეზე მისი შინაპატიმრობაში დატოვებით. ნავალნის ამჟამინდელ პატიმრობას ის საქმე უდევს საფუძვლად. 2 თებერვალს გაიმართება სასამართლო სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ, შეუცვალონ თუ არა ნავალნის სამ-ნახევარი წლით მისჯილი პირობითი სასჯელი - რომელსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა - რეალურად ციხეში ყოფნით.

XS
SM
MD
LG