Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქცია იმართება: “ბუტკაში” სამი მანდატი ერთ ლარად იყიდება


პარლამენთან “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთა აქციას მართავს - ისინი ერთის მხრივ პარტია “მოქალაქეების” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიმართ აფიქსირებენ საკუთარ აზრს, მეორე მხრივ “ქართული ოცნების” დღეს მისაღებ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მათ აქციაზე მიტანილი აქვთ ნაგვის ურნა, რომელშიც ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ფოტოებია განთავსებული და ასევე “ბუტკა”, სადაც აქტივისტების თქმით სხვადასხვა გამოცემები იყიდება, მაგალითად “კაი ბიჭობა თუ მანდატები” გია ვოლსკის ავტორობით, ლაშა ნაცვლიშვილის “საერო ბიძინა ანუ მწიფე ხელი”, ავთანდილ მარგიანის “სხარტულები ივანიშვილზე”, ლადო კახაძის “სადღეგრძელოები”. “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრები ამბობენ, რომ ეს ჯიხური საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს, სადაც მანდატებს სამ ცალს ერთ ლარად ყიდიან.

“კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. როგორ მოგვპარა ბიძინა ივანიშვილმა ჟვანიას ხელით გაყალბებული არჩევნები. დღეს არის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა და ეს კლოუნადა, რაც ხდება დღეს პარლამენტში, კარგად ასახავს დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლებენს. ალეკო ელისაშვილის და სხვა დეპუტატების ადგილი, ვინც პარლამენტში შევა, იქნება ნაგვის ურნაში. თუ კარგად დააკვირდებით, აწერია “ნუ დაემსგავსები ბრიტუსს!” ალეკო ელისაშვილი დღეს არის ბრუტუსი” - ასე განმარტავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე აქციის მიზანს.

პარტია “მოქალაქეები”-ს ორი წევრი, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტის შენობაში მივიდნენ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც “ქართულ ოცნებასთან” მათი თქმით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს: საარჩევნო რეფორმაზე თანხმობას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დანიშნულ სხდომაზე განიხილავს ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, რომელსაც კენჭი უნდა ეყაროს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

ევროპული საქართველოს წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, "თუ დღეს არ მოხდება ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებების დაკმაყოფილება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, რომ გააგრძელოს ვაჭრობა ადამიანების პარლამენტში შეთრევაზე."

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 12:00 საათზე იხსნება. ორი საათით ადრე უმრავლესობის წარმომადგენლები პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფებამოსილებს შეწყვეტის საკითხი მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა 1 თებერვალს, საღამოს გამართულ სხდომაზე, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თანახმად, საბჭო თავის მოსაზრებას უმრავლესობას წარუდგენს და საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG