Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები ნამახვან-ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ


რიონი, 2020
რიონი, 2020

„შეწყდეს არათუ მშენებლობა, მოსამზადებელი სამუშაოებიც კი“ -არასამთავრობო ორგანიზაციები მწვანე ალტერნატივა,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დაახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნამახვან-ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამახვანის ჰესის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. ჰესის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შარშან თებერვალში მიიღო.

EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე განმარტავს, რომ მსგავსი ობიექტის მშენებლობისას მნიშვნელოვანია ორი რამ: შინაარსი და ხალხის ჩართულობა: „შინაარსი ,ანუ დასაბუთება, მეცნიერული გათვლა, შეიძლება თუ არა მშენებლობა. რაც შეეხება განხილვის პროცესს, რომელშიც ყველა უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვხედავთ, რომ ესეც დარღვეულია“.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივები ადგილზე მორიგებით ცდილობდნენ კომპანია „ენკა რინიუებლზისთვის“ მშენებლობის დაწყების საშუალება არ მიეცათ. 30 იანვარს, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიცია ჩაერია და აქციის მონაწილეების კარავი დაშალა, ჰესის სამშენებლო სამუშაოები მაინც განახლდა.

პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა. შედეგად, ნამახვან-ჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული და უსაფრთხოა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ ჰესის აშენებაზე სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე გასცა ნებართვა. ამის გამო შარშან ასოციაციამ სასამართლოსაც მიმართა.

„როდესაც პოლიტიკური ნება სხვაგვარია, სასამართლო წლების განმავლობაში იწელება და სრულდება მაშინ, როცა მშენებლობაც დასრულებულია. წელი გავიდა და სასამართლოს ერთი სხდომაც კი არ ჩაუნიშნავს“, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა წერილობით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ისინი მოითხოვენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ასევე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ არ დაუშვან „ენკა რინიუებლზის“ მიერ სამშენებლო სამუშაოების (მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების) წარმოება მანამ, სანამ, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არ იქნება შესწავლილი და შეფასებული ის საფრთხეები, რომლებიც პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიძლება წარმოიქნას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ითხოვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.

„მოეწყოს დემოკრატიული საჯარო განხილვები, შეჩერდეს სამუშაოები მანამ, სანამ ყველა კვლევა არ იქნება. გარკვეული კვლევები ახლაც იგზავნება სამინისტროში, მაგრამ ისინი არ ხდება საჯარო დისკუსიის საგანი“, - ამბობს ლინა ღვინიანიძე.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG