Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: მანდატებით ვაჭრობას არ ვაპირებთ, მზად ვართ დიალოგისთვის


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ დიალოგსა და შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და ამჯერად უკვე შემდეგი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებისგან თავის შეკავების გადაწყვეტილების კომენტირებისას გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ, მისი აზრით, „ქართულმა ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ოპოზიციისთვის მისაღები კონკრეტული წინადადება, რათა შეთანხმება შედგეს:

„სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის არაფერი არ იცვლება. მანდატებით ვაჭრობაში შესვლას არ ვაპირებთ, თუმცა მზად ვართ დიალოგისთვის, რომ დავჯდეთ მეხუთე იქნება, მეექვსე თუ მეშვიდე რაუნდზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, მოლაპარაკებების დღის წესრიგში დგას 4 საკითხი, რომელთა გადაჭრასაც ოპოზიცია ითხოვს.

საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვალს არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

პარლამენტის დღევანდელ სხდომას წინ უძღოდა "ქართული ოცნების" უმრავლესობის შეკრება, რომლის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს რამდენიმე მოსაზრებაზე დაფუძნებული პრაგმატული გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან.

ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, „ქართული ოცნება“ კანონის დარღვევით ცდილობს, დრო მაქსიმალურად გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიასა და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.

უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს. დღეს ისინი პირველად დაესწრნენ პარლამენტის სხდომას. „მოქალაქეების“ ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს საარჩევნო რეფორმაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების შემდეგ.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ „ქართულ ოცნებას“ სთხოვა, ოპოზიციონერი კოლეგებისთვის უფლებამოსილება არ შეეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG