Accessibility links

logo-print logo-print

TI: წულუკიანის მიერ გვარამიას მობილურის ნომრის გასაჯაროება ნეგატიურ კამპანიას ახალისებს


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ "მთავარი არხის" დირექტორისა და ამავდროულად, მეწილის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომრის საჯაროდ გავრცელებით მის მიმართ ნეგატიური კამპანია ხალისდება. საუბარია პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა, თეა წულუკიანმა გვარამიას ნომერი საჯაროდ თქვა.

"ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე გახშირებული თავდასხმების, ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თუ დაწყებული საეჭვო გამოძიების, პირადი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების, მის ოჯახის წევრებზე თვალთვალისა და მისი შანტაჟის მცდელობის ფონზე, წულუკიანის ეს ქმედება მმართველი პარტიის მხრიდან გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ანგარიშსწორებას ჰგავს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მხრიდან პირადი ინფორმაციის გასაჯაროება საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება:

"ნიკა გვარამია არ არის თანამდებობის პირი და შესაბამისად, მისი პერსონალური ინფორმაცია არ არის საჯარო (44-ე მუხლი). ის კერძო ტელეკომპანიის დირექტორია და ამდენად, მისი სურვილის წინააღმდეგ, პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება აღმაშფოთებელია".

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, დაარღვია თუ არა პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" დირექტორისა და მეწილის მობილურის ნომრის გამხელით კანონი. ინსპექტორი აღნიშნავს, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის მიზანი ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა.

"მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება კანონს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პირი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მონაცემთა ფართო წრისთვის გასაჯაროებას ეხება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG