Accessibility links

logo-print logo-print

აჭარის სოფელში ცოფის შემთხვევების გამო დაწესებული კარანტინი 2 თვეს გასტანს


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურსა და მისგან 3 კილომეტრის რადიუსში მდებარე სოფლებში შინაური ცხოველების ვაქცინაცია დაიწყო. მიზეზი ჯიხანჯურში გამოვლენილი საშიში ინფექციის - ცოფის შემთხვევებია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან სოფელში დაავადდნენ სამი ოჯახის კუთვნილი შინაური ცხოველები და ადამიანებს ინფექცია არ გადასდებიათ. დაავადებული პირუტყვის მესაკუთრეებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს. შინაური პირუტყვის დაავადების მიზეზად გარეული ცხოველების თავდასხმა სახელდება.

სოფელ ჯიხანჯურში, სადაც 1500-მდე ოჯახი ცხოვრობს, 60 დღით კარანტინი გამოცხადდა.

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, კარანტინის პერიოდში სოფლის მცხოვრებთ ეკრძალებათ შინაური ცხოველების გარეთ გაყვანა, ან სანადიროდ წაყვანა. აკრძალულია ხორცისა და რძის პროდუქტების გაყიდვაც.

„სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სამსახურმა უკვე დაიწყო აუცილებელი ღონისძიებები, რაც გულისხმობს, პირველ რიგში, საეჭვო ცხოველების იზოლირებას და ლიკვიდაციას, ცხოველთა სადგომების სრულ დეზინფექციას. რაც მთავარია, საშიში დაავადებით ინფიცირებული ცხოველების მესაკუთრე ოჯახებს სრულად ჩაუტარდა ვაქცინაცია“, - განაცხადა ქობულეთის მერმა.

სოფელში, სადაც ცოფის შემთხვევები გამოვლინდა, მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყარო მესაქონლეობაა, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ქობულეთის მერი ამბობს, რომ დაზარალებულთათვის შესაძლო ფინანსური დახმარების საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლიან და გადაწყვეტილებას არსებული რესურსების გათვალისწინებით მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG