Accessibility links

site logo site logo

მთავრობა! მოგმართავთ, შეამსუბუქოთ შეზღუდვები - ინტერვიუ  ფსიქიატრ ნინო მახაშვილთან


მეგობრებო, ვფიქრობ, მოვიდა დრო, გადაიწიოს კომენდანტის საათმა!

რა მნიშვნელობა აქვს ინფექციის კონტროლისთვის - საღამოს 9 საათზე შევიკეტებით სახლში, თუ 11-ზე?

ყველა მონაცემი ადასტურებს, რომ უკვე ვეღარ უძლებს ფსიქიკა ამდენ და ამხელა წნეხს!

საქართველოს მთავრობა! მოგმართავთ, შეამსუბუქოთ შეზღუდვები!

ამჯერად ზოგადი სტრესული სიტუაცია ძალიან მძიმეა და კომენდანტის საათის და სხვა შეზღუდვების "მოდიფიცირება" - დათმობა კი არა, ხალხის ფსიქიკაზე ზრუნვაა! შევეცადოთ, დავზოგოთ ერთმანეთი.- წერს ფეისბუკზე ნინო მახაშვილი, ფსიქიატრი, „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“ ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და „კლუბ სინერგიის დამფუძნებელი.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, როგორ აისახება შეზღუდვები მოქალაქეების ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს კომენდანტის საათისმოდიფიცირებადა რა შეიძლება გამოიწვიოს დროში გაწელილმა შეზღუდვებმა. - ეს და სხვა კითხვები ფსიქიატრ ნინო მახაშვილს დავუსვით.

ფეისბუკზე წერდით, რომ ვეღარ უძლებს ფსიქიკა ამდენ და ამხელა წნეხს - რა მონაცემი არსებობს ამასთან დაკავშირებით და პრაქტიკაში რა შემთხვევებთან გიწევთ მუშაობა?

ჩვენ სექტემბერში გამოვაქვეყნეთ ონლაინკვლევის შედეგები, რომელშიც 18 წლიდან ზემოთ 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გვაინტერესებდა COVID 19 - ის გავლენა ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სტრესორების სიმძიმე. ვნახეთ, რომ მონაწილეთა 40% მიესადაგებოდა ფსიქიკური აშლილობის კლინიკურ მაჩვენებელს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ხალხის 40% მწყობრიდან არის გამოსული.

ეს იყო დეპრესიული მდგომარეობა, შფოთვითი აშლილობის ნიშნები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები და სხვა.

ახლა ვატარებთ ამავე კვლევის მეორე რაუნდს, 2000-დან დაახლოებით 1500- მა ადამიანმა დაგვიტოვა თავისი მონაცემი კვლევაში მონაწილეობის გაგრძელების სურვილით და ვაფასებთ მათ მდგომარეობას დინამიკაში. წინასწარი მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია დამძიმებულია ყველა აშლილობასთან დაკავშირებით. თუმცა შეიცვალა სტრესის გამომწვევი ფაქტორი. თუკი პირველ რაუნდში ყველაზე მძიმე სტრესორი იყო ახლობელი ადამიანის ინფიცირების შიში, სამსახურის დაკარგვის, ეკონომიკური გაღარიბების შიში, ახლა ძალიან მძიმე არის იზოლაციის, ჩაკეტილობის, „ლოქდაუნის“ სტრესი და სწორედ ამან გამაბედინა პოსტის დაწერა და ხმამაღლა შეზღუდვების შექმსუბუქებაზე საუბარი.

რა ხდება კვლევის მიღმა, პრაქტიკაში რა შემთხვევებთან გიწევთ მუშაობა?

ჩვენ გვაქვს სერვისი, სადაც ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ადიქტოლოგები, ექიმები და სოციალური მუშაკები უწევენ კონსულტაციას მათ, ვინც რეკავს „კლუბ სინერგიაში“ და ვხედავთ, რომ ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში თითქმის ორჯერ გაიზარდა მომართვიანობის მაჩვენებელი. იმატა დეპრესიის მძიმე ფორმებმა, რეკავენ ინტენსიური პანიკური შეტევის გამო, უძილობით, სხვადასხვა შიშებით.

ახალგაზრდები არიან ფრუსტრირებულები, თავს შებოჭილად გრძნობენ, ერთფეროვანი გახდა მათი ცხოვრება, ფიქრობენ, რომ არაფრის მაქნისები არიან, არაფერი შეიცვლება მათ ცხოვრებაში. ყველაზე მძაფრად დგას მაინც პირისპირ კომუნიკაციის დეფიციტი. მოზარდებიც რეკავენ, 14 წლიდან ზემოთ, რომლებიც ხვდებიან, რომ ეკრანდამოკიდებულება და „გეიმინგი“ ჯანსაღი არ არის. წუხან ახლობლები და ა.შ. მაგრამ ძირითადად ერთი პრობლემა არ არის ხოლმე ფსიქოკონსულტანტთან გასაუბრების სურვილის მიზეზი, ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული წუხილების და სიმპტომების მთელი კომპლექტი.

მოზრდილებს გაუმწვავდათ მიძინებული შიშები, გაიზარდა შფოთვის დონე, იმატა პანიკურმა შეტევებმა. ზოგადად, ისინი, ვისაც ადრეც აწუხებდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, უმძაფრდებათ მდგომარეობა.

სამ კატეგორიად რომ დავყოთ არსებული პრობლემები, ეს არის:

  • ემოციური დისბალანსი (გაღიზიანებადობა, შფოთვა, იმპულსურობა, ბრაზის განცდა და სხვ),
  • ადიქცია - დამოკიდებულება (მათ შორის, ნარკოტიკული ნივთიერებებით ექსპერიმენტირება)
  • კომუნიკაციის პრობლემები.

ხშირად საქმე გვაქვს არა ფსიქოზებთან, არამედ გავრცელებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან - დეპრესია, შფოთვა, ობსესიურ- კომპულსიური აშლილობა, ძილის დარღვევა და ა.შ.

როგორ ფიქრობთ, კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები როგორ შეიძლება შეიცვალოს ისე, რომ ადამიანებმა შვება იგრძნონ?

რადგანაც იზოლირების, ჩაკეტილობის სტრესი ძალიან ინტენსიურ შფოთვასთან, წუხილთან და ფსიქიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, კომენდანტის საათი კი სწორედ ასეთი ჩამკეტი შეზღუდვაა. ვფიქრობ, 1-2 საათით გადაწევაც შეიძლება სასიკეთო ცვლილება იყოს ადამიანების ჯანმრთელობისთვის, რადგან შეამცირებს ამ სტრესს, ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს მათ.

დისტანციური სამსახურების, ლექციების მერე ხალხს გარეთ გასვლის საშუალება არ აქვს, ფიზიკური დატვირთვა - სეირნობა, ვარჯიში - მსუბუქი და ზომიერი დეპრესიის დაძლევისთვის პირველი რეკომენდაციაა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა მძიმე ტვირთია, რაც იწვევს გარშემომყოფების, მთელი ოჯახის დესტაბილიზაციას. ამიტომაც გასათვალისწინებელია ის რთული ვითარება, რაც მოსახელობაში ჩანს და დაუყოვნებლოვ მისაღებია შემამსუბუქებელი ზომები.

რა შედეგი შეიძლება დროში გაწელილმა შეზღუდვებმა მოიტანოს?

ჩვენ ვშიშობთ, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანების რიცხვი გაიზრდება და გრძელ-ვადიან და დამძიმებულ პროცესებს მივიღებთ, უფრო გამწვავდება ცალკეული ადამიანების მდგომარეობა, გაიზრდება მოსახლეობაში ფსიქიკური აშლილობების ტვირთი. სწორედ ამიტომ არსებული სტრესების შემსუბუქება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG