Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველთა ცნობით, ბანკებს დავალიანების დასაფარად მიაქვთ სახელმწიფო კომპენსაციის თანხა


"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, ბანკები მათ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვისთვის იყენებენ კორონავირუსის ეპიდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მიერ გაცემულ 200 ლარიან კომპენსაციას.

არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, მას დახმარების თხოვნით მიმართეს მოქალაქეებმა, რომელთა განმარტებით და არსებული საბანკო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ჩარიცხულია მათ საბანკო ანგარიშებზე, მაგრამ კონკრეტულმა ბანკებმა, ბენეფიციარების სახელზე არსებული დავალიანებების დაფარვის მიზნით გაქვითეს კომპენსაციის სახით მიღებული თანხები.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" კონკრეტულ ბანკებს არ ასახელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განმარტებულია, რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას და საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, ამიტომ, გაუგებარია რატომ აჭრის ბანკი მოქალაქეებს მიზნობრივ სახელმწიფო კომპენსაციას.

უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს და თითოეული შემთხვევა იქნას კონტროლზე აყვანილი, ხოლო კონკრეტულმა საბანკო დაწესებულებებმა ჩამოჭრილი თანხები დაუყოვნებლივ დაუბრუნონ დაზარალებულ პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG