Accessibility links

site logo site logo

გია ხუხაშვილი: რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია, მათ შორის პარლამენტში შესვლის სცენარითაც


პოლიტიკის ანალიტიკოსის გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები საქართველოში გარდაუვალია იმ შემთხვევაშიც, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა:

„პარლამენტში შესვლის და გარეთ დარჩენის სცენარები იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შესვლის შემთხვევაში მეტ-ნაკლებად პროგნოზირებად და ნაკლები რისკის ზონაში ვართ და ცივილიზებულად წავა პროცესი, რაც შეეხება გარეთ დარჩენას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის აბსოლუტურად ნეგატიური განვითარება და ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, პროცესები არაპროგნოზირებადია. შეიძლება ეს მოხდეს ძალიან სწრაფად, შეიძლება გარკვეული პერიოდი გაიწელოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენ კრედიტის აღებას შეძლებს ხელისუფლება, ახალი კრედიტის აღებას იმისათვის, რომ ეს სოციალური რისკები გადააზღვიოს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „დილის საუბრებში. მისი თქმით, გაყალბებულ არჩევნებზე ლაპარაკი უკვე გავლილი პროცესია და ახლა გარეთ დარჩენის შემთხვევაში ოპოზიციას ჩასაფრების მეტი არაფერი დარჩენია:

„სხვა პრობლემები დაიწყება, იმ პრობლემებზე აპელირებით ოპოზიციამ რაღაცა მღვრიე წყალში თევზი უნდა დაიჭიროს. ანუ თუ გარეთ დარჩა ეს დეპუტაცია ჩვენ ვართ აბსოლუტურად ნეგატიურ ციკლში, ნეგატიური დატაკების, აგრესიული დატაკების ციკლში, სადაც პროგნოზების გაკეთება ძნელია. ანუ ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის დაიწყებს ხელისუფლება ჩამოშლას. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე და თუ რაღაც ფული ექნათ, ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა გაწელონ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში იგი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში ელჩების ფასილიტაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ამ პროცესში ტაქტიკა მცდარი იყო და დიპლომატებმა შეცდომები დაუშვეს:

„რაღაც ეტაპზე გაჩნდა განცდა, რომ ისინი ერთ მხარეს უფრო იხრებოდნენ. შეიძლება ამას ობიექტური მიზეზები აქვს და მე ეს მესმის, მე მათ ამის გამო არ ვაკრიტიკებ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მათ დაუშვეს ძალიან ბევრი ტაქტიკური შეცდომა და დღევანდელი მათი პოზიცია უფრო მაგონებს იმას, რომ ისინი აპირებენ პროცესიდან გასვლას“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა, რომლის შეფასებითაც ამ ეტაპზე სახის შენარჩუნების პრობლემა ფასილიტატორ ელჩებსაც დაუდგათ, „ანუ სახის შენარჩუნების ვირუსი მათზეც გადავიდა“.

საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვალს არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

პარლამენტის სხდომას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შეკრება, რომლის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს რამდენიმე მოსაზრებაზე დაფუძნებული პრაგმატული გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან.

ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, „ქართული ოცნება“ კანონის დარღვევით ცდილობს, დრო მაქსიმალურად გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.

უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს. 2 თებერვალს ისინი პირველად დაესწრნენ პარლამენტის სხდომას. „მოქალაქეების“ ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს, საარჩევნო რეფორმაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების შემდეგ.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს.

პარლამენტში 2 თებერვალს ჩატარებული კენჭისყრა მოლაპარაკებების ფასილიტატორმა ელჩებმა სწორ გადაწყვეტილებად შეაფასეს. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებამ ხელახალი ათვლის წერტილი გააჩინა მოლაპარაკებათა დინამიკის შესანარჩუნებლად. აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი მიიჩნევს, რომ კენჭისყრის შედეგები ოპოზიციას მისცემს თავისი გადაწყვეტილების გადახედვის საშუალებას.

ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებების პროცესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG