Accessibility links

site logo site logo

უცნობია როდის აღდგება საჯარო და კერძო ბაღების ფუნციონირება


ამ ეტაპზე საჯარო და კერძო ბაღები არ იხსნება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით ამის მიზეზია სხვა სფეროების გახსნა, რაც ისედაც გაზრდის მობილობას.

„არ შეიძლება გაიხსნას ყველაფერი ერთად. ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვუტურებთ რომელი სეგმენტია ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი და ამიტომ ალბათ, შევთანხმდებით, რომ სკოლები უფრო მნიშვნელოვანია ჯერ, ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები, ამიტომ ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობა შეზღუდვების ნაწილს ამსუბუქებს. შეზღუდვები ორ ნაწილად შემსუბუქდება 8 და 15 თებერვალს.

8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. 8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები.

15 თებერვლიდან მთელ საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. ამ დროიდან რესტორნები ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ.

შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

საქართველოში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა. დიდ ქალაქებში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სწავლა სრულად ონლაინ სივრცეში გადავიდა, დაიხურა სავაჭრო ცენტრები და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობა შეეძლოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG