Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სესხების სუბსიდირების პროგრამას კერძო საბავშვო ბაღები და სპორტული ობიექტები დაემატა


ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიით დაზარალებული ბიზნესისთვის სესხის სუბსიდირების პროგრამის ტექნიკური მოთხოვნები შემსუბუქდება და პროგრამას კიდევ ორი სფერო დაემატება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამის გამო, რომელიც დეკემბრიდან დაიწყო და ექვსი თვის განმავლობაში სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას ითვალისწინებს, დაახლოებით 2000 მიმართვა იყო, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზებით, მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. ამიტომ, გახარიას თანახმად, ტექნიკური მოთხოვნები შემსუბუქდება და ამასთან, პროგრამით სარგებლობას შეძლებენ კერძო სპორტული ობიექტები და საბავშვო ბაღები.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დააკონკრეტა, რომ პროგრამის ახალი პირობებით, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები განაცხადების შეტანას შეძლებენ 8 თებერვლიდან 5 მარტამდე და უკვე არა მხოლოდ ბანკის, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან მიღებული სესხის სუბსიდირებისთვისაც.

ამასთან, თუ დღემდე ეს პროგრამა ეხებოდა 2020 წლის 1 მარტამდე აღებულ სესხებს, უკვე 2020 წლის 1 დეკემბრამდე გაცემულ სესხებზეც გავრცელდება.

თურნავას ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან მიღებული სესხების და ლიზინგის პროცენტის 80% დაუსუბსიდირდება ფიტნეს-კლუბებს, საცურაო აუზებს და სხვა სპორტული ობიექტებს და სკოლამდელი აღზრდის კერძო დაწესებულებებს.

პროგრამის ახალი პირობები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ვებსაიტზე გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG