Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რაც ძალიან მინდოდა, სულ რამდენიმეჯერ მაქვს დადგმული“ - მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 100 წელი გავიდა


მიყვარს ყველანაირი ფარდა: მსუბუქი და მძიმე, ჰაეროვანი და უხეში... მიყვარს თეატრალური კოსტიუმები, ნიღბები, გრიმი, ცხვირები, წვერები. მიყვარს განათება იმიტომ, რომ ყოველივე ეს ჩემი თავისა და სხვების მოტყუებაში მეხმარება. თეატრი ხომ, ბოლოს და ბოლოს, ლამაზი, ჯადოსნური ტყუილია“ - 6 თებერვალს თეატრალური საზოგადოება რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს.

მიხეილ თუმანიშვილი 1921 წელს დაიბადა თბილისში. მის ბავშვობაში რუსთაველის თეატრში შილერის „ყაჩაღები“, იგივე „ინ ტირანოს“, გადიოდა. 13 წლის იყო, ეს დადგმა რომ ნახა და გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება სამუდამოდ თეატრისთვის დაეკავშირებინა. მოგვიანებით თავის წიგნში „რეჟისორი თეატრიდან მიდის“ დაწერს:

ჩემს გვერდით არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომ დროზე შევეჩერებინე და დაახლოებით ეთქვა ის, რასაც მე ვეუბნები ხოლმე პირველკურსელებს: წადით, თავს უშველეთ, ვიდრე გვიანი არ არის. თეატრი - საშინელი თამაშია. უმრავლესობისთვის ის მარცხით და სულიერი გაკოტრებით მთავრდება“.

წიგნი მაშინ დაიწერა, როდესაც მიხეილ თუმანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე ათასი სხვა რამ მოხდა,ეპოქა შექმნა რუსთაველში“, - ასე აფასებს მის მოღვაწეობას ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური. თუმანიშვილი ასწავლიდა ფსიქოლოგიური ტიპის მსახიობის ხელოვნებას, რასაც თავის დროზე კონსტანტინე სტანისლავსკიმ და მიხეილ ჩეხოვმა ჩაუყარეს საფუძველი. თეატრის თეორეტიკოსი იყო, დიდი მემკვიდრეობა დატოვა თეატრის რეჟისურის პედაგოგიკაში. მისი მეთოდით დღემდე საქართველოშიც მუშაობენ და საზღვარგარეთაც.

„თუკი დღეს მსახიობთა სკოლა არსებობს, თუმანიშვილის დამსახურებაა. მან დატოვა რამდენიმე მოწაფე, რომლებმაც ეს კარგად ისწავლეს და მას შემდეგ გრძელდება ტრადიცია“, - ამბობს ლელა ოჩიაური.

აბიტურიენტების გამოცდაზე, სანამ ვინმეს მოიწონებდა ან დაიწუნებდა, სულ ფიქრობდა, რა ადამიანს მიიღებდა ამ „ბავშვისგან“ ოთხი წლის შემდეგ - გამოვა რეჟისორი? მსახიობი? ეყოფა ძალა, ნიჭი, შრომა, შინაგანი სამყარო?

მსახიობი თავისთავად საინტრესო განსაკუთრებული პიროვნება უნდა იყოს. ახლა კი თვალშისაცემია მსახიობთა გარკვეული წრის მიდრეკილება, დაემსგავსოს უმრავლესობას, გაიუბრალოოს მანერები, ტანისამოსი, შეერწყასმასას“. დღეს რატომღაც ეს კარგ ტონად ითვლება“, - ვკითხულობთ მის ნაწერებში.

მიხეილ თუმანიშვილს მარტივი ცხოვრება არ ჰქონდა, იბრძოდა ომში, ადრე გარდაეცვალა პირველი ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა, მუდმივად ძიების პროცესში იყო და მუდმივად უნდა დაეცვა და გაეტანა ის, რისიც თავად სჯეროდა.

რუსთაველის თეატრში მან შემოიკრიბა მსახიობები: მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გურამ საღარაძე და ბადრი კობახიძე. ამ დასს შემდეგ შვიდკაცა შეარქვეს. ლელა ოჩიაური ამბობს, რომ თუმანიშვილი ახერხებდა კომუნისტური სპექტაკლებიც კი ანტისაბჭოთა, ადამიანური გამოსულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, თავად რეჟისორს ესეც დროის კარგვად მიაჩნდა.

გაცილებით ხშირად ვდგამდი იმას, რაც თეატრს სჭირდებოდა და არა მე. ხოლო ის, რაც ძალიან მინდოდა, სულ რამდენიმეჯერ მაქვს დადგმული“, - წერს ერთგან თავის წიგნში, რამდენიმე გვერდის შემდეგ კი ისევ: მიუტევებლად ხშირად ვმუშაობდით ტყუილუბრალოდ და დოლების რახარუხითა და ყალბი ფარფარების ხმით ვაზანზარებდით თეატრს. რა ბედნიერები არიან ისინი, ვინც ჩვენს მერე მოვიდა რეჟისურაში. მათი მშურს! ისინი არ ხარჯავენ თავიანთ საუკეთესო წლებს პომპეზურ სიყალბეზე“.

ყოველთვის უკმაყოფილო იყო საკუთარი სპექტაკლებით. უკვე სიბერეში ძალიან დარდობდა, ახლა გამოცდილებაც მაქვს და ცოდნაც, მაგრამ ძალა აღარ მყოფნის, საქმე ვაკეთოო.

თუ ჩაეჭიდებოდი მის მეთოდს და ბოლომდე გაჰყვებოდი, არანაირი წინააღმდეგობა აღარ გხვდებოდა. მის რეპეტიციებს დავსწრებივარ. იყო ძალიან დახვეწილი, ინტელიგენტი, ძალიან მოკრძალებული. მართლა დღესასწაული იყო ეს ადამიანი. თან საოცრად მომხიბლავი გარეგნობა ჰქონდა, ხმელი, ლამაზი სახე. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გაჯადოებდა“, - ამბობს ლელა ოჩიაური.

მიხეილ თუმანიშვილი სტუდენტებთან
მიხეილ თუმანიშვილი სტუდენტებთან

რუსთაველიდან საკუთარ თეატრამდე

მიხეილ თუმანიშვილი ფიქრობდა, რომ რუსთაველის თეატრში რაღაც იყო შესაცვლელი: ხორავას თამაშის შთაგონებულ წუთებსა და ვასაძის ვირტუოზულ ოსტატობაზე ხომ არ იდგება ეს უზარმაზარი თეატრი“. საბოლოოდ თუმანიშვილი თეატრიდან წამოვიდა. თავიდან პატარა სახელოსნო გახსნა და ახალგაზრდა მსახიობებს იქ ამეცადინებდა. ერთხელ ეროსი მანჯგალაძემ „რუსთაველიდან“ „ჭინჭრაქას“ ფარდა მოიტანა. გახარებულებმა დაკიდეს. ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ. თავისებურ სპექტაკლებს დგამდნენ, პოლიჟანრულს - თან ტრაგედია რომ იყო, თან კომედია, თან დრამა...

მას უნდოდა, მის გვერდით გიჟები ყოფილიყვნენ და ახლა კი ყველა „დაჭკვიანდა“, - ამ სიტყვებით იხსენებს მსახიობი რამაზ იოსელიანი თავის პედაგოგს.

„90-იან წლებში, ომის და პოლიტიკური დებატების პერიოდში, სინათლე რომ არ იყო და ნავთქურასთან ვისხედით, გვეუბნებოდა, ნუ მიაქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას, ჩვენ ჩვენი კერია გვაქვს, ჩვენ აქ უნდა ვილოცოთ, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთო. მან გვასწავლა ხელობა, რომელიც მსახიობმა უნდა იცოდეს. გვასწავლიდა, რომ უნდა შეეწირო ამ საქმეს, გასცე და უკან არაფერს ელოდო. ყველა მის სტუდენტს ჩვენ-ჩვენი მიშა გვყავს. რაღაცას რომ ვაკეთებთ, მხარზე გვიზის, ყურში გვიჩურჩულებს: „აბა, მეტი არ მოგივიდეს, ნამდვილი იყავი, ნუ ითვალთმაქცებ, თავში ნუ აგივარდება, არავინაა ვარსკვლავი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ“.

თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ზურაბ გეწაძე ერთ-ერთია ახალგაზრდა თაობის მსახიობებიდან, ვინც მიხეილ თუმანიშვილს მოესწრო და მის ჯგუფში მუშაობდა.

ინსტიტუტის შემდეგ თავად მიმიწვია თუმანიშვილის თეატრში, მაშინ კინომსახიობთა თეატრი ერქვა. დღევანდელ ქართულ თეატრში თუკი რამე კარგია და რამე მოგვწონს, ყველაფერი თუმანიშვილის დამსახურებაა. მისი დამსახურებაა ამ თეატრის, როგორც კვლევების თეატრის შექმნა; მისი დამსახურებაა ცოდნის და განათლების შეტანა თეატრალურ უნივერსიტეტში, რადგან მანამდე სწავლების მეთოდი ასე ჩამოყალიბებული არ იყო“, - ამბობს ზურაბ გეწაძე.

მიხეილ თუმანიშვილის ჩანახატი
მიხეილ თუმანიშვილის ჩანახატი

მიხეილ თუმანიშვილმა ათეულობით სპექტაკლი დადგა, თავად მათგან ხუთიოდე თუ მოსწონდა, მაგრამ ხელოვნებათმცოდნეები უფრო მეტს გამოყოფენ: ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ (1951), ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ (1954), კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (1958), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1963), უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“, „იულიუს კეისარი“, ჟ. ანუის „ანტიგონე“ (1968), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (1969), ა. ჩხაიძის „ხიდი“ (1970); თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში – მოცარტის „დონ ჟუანი“, ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, ჯ. ვერდის „ბალმასკარადი“.

მიხეილ თუმანიშვილი 1996 წლის 11 მაისს 75 წლისა გარდაიცვალა. ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

თავის ჩანაწერებში მიხეილ თუმანიშვილი ხშირად აღწერდა, თუ როგორ დადიოდა თბილისის ქუჩებში და აკვირდებოდა ადამიანებს, მათში ძველ თუ მომავალ პერსონაჟებს ხედავდა. ძალიან ენანებოდა ძველი თბილისი, ძველი სახლები, რომლებიც ბავშვობიდან ახსოვდა, სადღაც უჩინარდებოდნენ და მათ ადგილს რკინა-ბეტონი იკავებდა.

ქუჩებს მივუყვები და მარმარილოს დაფების წარწერებს ვკითხულობ. აქ ალექსანდრე ჭავჭავაძე - თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი - ცხოვრობდა; აქ - დიდი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი; აქ - ილია ჭავჭავაძე - მწერალი და საზოგადო მოღვაწე. აქ ნამყოფია პუშკინი, ჩაიკოვსკი, ტოლსტოი. აი, გრიბოედოვის საფლავიც მთაწმინდაზე. ძეგლზე კი მისი მეუღლის, ნინო ჭავჭავაძის დაწერილი სიტყვები: „Ум и дела твои бессмертны в памяти русской, но для чего пережила тебя любовь моя?“ აი, მაშინაც კარგი სადღაც წავიდა. კარგი სულ მუდამ სადღაც მიდის“.

ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი „ახლა კი ფარდა!“ მიხეილ თუმანიშვილის იუბილეს ეძღვნება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG