Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა


კოტე ანანიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტი რადიო თავისუფლების ბათუმელ კორესპონდენტს შსს-ს პრესამსახურში დაუდასტურეს. უწყების განმარტებითვე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას, ანანიაშვილის მოადგილე ირაკლი ჭედიშვილი შეასრულებს.

ჯერჯერობით უცნობია, ანანიაშვილი გადავიდა თუ არა როტაციის წესით სხვა რეგიონში.

კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2018 წლის აგვისტოდან მუშაობდა. აჭარამდე ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

28 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ არასწორია გავრცელებული ინფორმაცია მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის არსებული დაპირისპირების შესახებ, რაც თითქოსდა გამოვლინდა ბოლო დროს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში. გომელაურის თქმით, სისტემაში მიმდინარე ცვლილებები როტაციის შედეგია და არა დაპირისპირების.

ამ საკითხზე ვახტანგ გომელაურს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს და მისი მოადგილეების, კახა საბანაძისა და ვლადიმერ ბორცვაძის შესაძლო გათავისუფლებით დაინტერესდნენ. შს მინისტრმა პასუხის გაცემისას კოტე ანანიაშვილიც ახსენა.

"კახა საბანაძე ჩემი კადრი უფროა. ჩემთან მუშაობდა 5 წელი და გახარია რომ დაინიშნა ძალოვანში, მერე მივეცი. კოტე ანანიაშვილიც მუშაობს ჯერჯერობით... კოტე ანანიაშვილი [აჭარის პოლიციის უფროსი] 6 წელი ჩემთან მუშაობდა და ჩემი კადრი არ არის და მისი კადრია? მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, წლებია, ვმეგობრობთ. ბევრი ჭორი იყო, არანაირი დაპირისპირება არ არის. დიდი ხანია ვმეგობრობთ და მინდა გითხრათ, რომ არანაირი "ჩემი" და "მისი" კადრები არ არსებობს", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG